ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრები სამეცნიერო კაფეში

სამეცნიერო კაფე: ,,ევოლუციური ჩიხი თუ ახალი პერსპექტივა?’’

ღონისძიებები

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით თარხნიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,ევოლუციური ჩიხი თუ ახალი პერსპექტივა?’’

თემის მოკლე აღწერა

უსქესო გამრავლებას სქესობრივ განრავლებასთან შედარებით გარკვეული ნაკლოვანებები და უპირატესობები აქვს. ის უკავშირდება გაღარიბებულ გენოფონდს, რაც ართულებს სახეობის შეგუებას ახალ პირობებთან. მეორე მხრივ, ხელს უწყობს სწრაფ გამრავლებას ხელსაყრელ პირობებში. მრავალი მცენარე და უხერხემლო ცხოველი იოლად გადადის სქესობრივი გამრავლებიდან უსქესოზე და, პირიქით, ამის მეშვეობით ისინი უკეთ ითვისებენ მისაწვდომ რესურსებს. ხერხემლიან ცხოველებში უსქესო გამრავლება იშვიათი გამონაკლისია. თუმცა არსებობს ზოგი ქვეწარმავალი, რომელიც სრულიად გადასულია უსქესო გამრავლებაზე და დაკარგული აქვს სქესობრივი გამრავლების უნარი. ითვლება, რომ ისინი წარმოადგენენ „ევოლუციურ ჩიხს" და არსებობის გარკვეული პერიოდის შემდეგ განწირულნი არიან განადგურებისთვის. ილიაუნის გენეტიკური ლაბორატორიის კვლევების შედეგად დგინდება, რომ ეს ასე არ არის და დროდადრო უსქესო ორგანიზმებს შეუძლიათ თავიანთი გენომის გამდიდრება, რაც მათი ევოლუციის ახალ სუნთქვას აღწერს. მოხსენება ამ მოვლენასა და მის მექანიზმს ეხება. 

მომხსენებლის შესახებ

დავით თარხნიშვილი თითქმის ორმოცი წელია შეისწავლის ცხოველების ეკოლოგიას, მათ შეგუებას ახალ გარემოსთან, სახეობათა წარმოქმნას, პოპულაციების დინამიკას, ბიოგეოგრაფიულ კანონზომიერებებს. მისი კვლევის ძირითადი ობიექტებია ქვეწარმავლები და ამფიბიები, თუმცა ჩაუტარებია კვლევები, რომელთა ობიექტები იყვნენ ძუძუმწოვრები, მოლუსკები, თევზები და ადამიანიც კი. მისი კვლევის სფერო ყველაზე უკეთესად შეიძლება განიმარტოს როგორც „ევოლუციური ეკოლოგია" ან „პოპულაციების ბიოლოგია".

დავით თარხნოშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიის სპეცილობით დაცული აქვს ეკატერინბურგის ეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში (1987). მისი კვლევის ობიექტი იყო კავკასიაში გავრცელებული ტრიტონი, შესწავლის საგანი სახეობათაშორისი კონკურენცია. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის კათედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებში, უელსის უნივერსიტეტის ევოლუციური ეკოლოგიის ლაბორატორიაში, ბონის ზოოლოგიურ მუზეუმსა და ბონის უნივერსიოტეტში, რამდენიმე თვის განმავლობაში ვიეტნამის ტროპიკულ კვლევით ცენტრში. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტისა (2006-2010) და საბუნებისმეტყველო და სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი (2015-დან). Მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ზოოლოგიის, ევოლუციური და პოპულაციური ეკოლოგიის, ბიოგეოგრაფიის სფეროში. 

დრო: 24 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები