ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმდინარე კვლევები

შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის მიმდინარე კვლევები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების მიზანია ქართულ ლიტერატურისმცოდნეობაში ობიექტური მიზეზების გამო არსებული საჭიროებების დაკმაყოფილება. კვლევითი პროექტები მოიცავს სფეროებს, რომელთა განვითარებაც ვერ ხერხდებოდა საბჭოური პერიოდის იდეოლოგიზირებული სინამდვილის პირობებში და, მოგვიანებით, პოსტსაბჭოური პერიოდის კრიზისულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში. ამდენად, პროექტები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კულტურულ-სააზროვნო პროცესებში არსებული ნაკლოვანებების შევსებას და, რასაკვირველია, თანამედროვე მეცნიერული სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის შექმნას. ამ თვალსაზრისით, ლიტერატურისმცოდნეობითი თეორიების ანალიტიკური შესწავლა და ქართულ კვლევით გარემოში ადაპტაციის ამოცანა, ასევე, მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე ლიტერატურულ-კულტურული პროცესების კვლევა შესაძლებელს გახდის განვლილ ათწლეულებში ჩვენში ნაკლებად მხარდაჭერილი სააზროვნო და შემოქმედებითი კულტურის ათვისებას, რის გარეშეც შეუძლებელია მსოფლიოს თანამედროვე კულტურულ-ინტელექტუალურ პროცესში ინტეგრირება. ხოლო პოსტკოლონიალიზმის თეორიული მიდგომებით საქართველოში გასული ორი საუკუნის კულტურულ-საზოგადოებრივი პროცესისა და ლიტერატურული პროდუქციის გადააზრება შესაძლებელს გახდის როგორც საკუთრივ ლიტერატურულ-ანალიტიკური, ასევე დეიდეოლოგიზაციური ამოცანების შესრულებას, ხელს შეუწყობს საქართველოს ახალი სახელმწიფოებრივი და კულტურული რეალობის გაცნობიერებას, ამ რეალობაში შემოქმედებითი და სააზროვნო პროცესების მნიშვნელობის ზრდას.
შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტში ხორციელდება რამდენიმე გრძელვადიანი პროექტი. საერთო მეცნიერული ამოცანით, ხედვით, მიდგომებითა და მეთოდოლოგიებით გამთლიანებული თითოეული პროექტი ითვალისწინებს გუნდურ და ინდივიდუალურ მუშაობას, ჯგუფურ და ინდივიდუალურ პუბლიკაციებს (მონოგრაფიებს, სტატიებს, ასევე, სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომებს), თემატური კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას.

შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლები 2016 წელს მუშაობდნენ შემდეგ კვლევით პროექტებზე:

  1. ნინო აბაკელია: საკრალური სივრცეების კონსტრუქცია ქართულ მითო-რიტუალურ სისტემაში. 
  2. თამარ ბერეკაშვილი: პოსტმოდერნული გარემოს გამოწვევები და მარგინალური ჯგუფები.
  3. ნინო ფირცხალავა, ლალი გულედანი: ებრაული იდენტობა საქართველოში და გლობალიზაციის დასაწყისი. 
  4. ნინო ფირცხალავა, მალხაზ თორია,: წარსულში მომწყვდეულნი: ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩახშული ხმა და სოციალური ინტეგრაციის დილემები. 
  5. მალხაზ თორია: იმპერიული მემკვიდრეოები, რეალური/სიმბოლური საზღვრები და “განდევნის” პოლიტიკა თანამედროვე აფხაზეთში.
  6. მალხაზ თორია: იმპერიის კოლაფსი, საჯარო დებატები და მეხსიერების პოლიტიკა: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის განმსაზღვრელი მოვლენების გენეალოგია.
  7. თამარ ლომიძე: მხატვრული აზროვნების დიაქრონიული ტრანსფორმაცია ქართული კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელთა შემოქმედებაში. 
  8. ათინათ მამაცაშვილი: მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები.
  9. ბელა წიფურია: რომანტიკული ნაციონალიზმის ფორმირება საქართველოში და ქართული ლიტერატურა.
  10. გრიგოლ ჯოხაძე: ,,პოეტი და სახელმწიფო (ოსიპ მანდელშტამი: ცხოვრება როგორც სიკვდილი)“.

ინსტიტუტი გამოსცემს ასევე შედარებითი ლიტერატურის კრებულს, რომელიც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემაა. პირველი კრებული გამოიცა 2013 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში. კრებულში შესულია უნივერსიტეტის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადში ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებზე ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ მომზადებული 34 სამეცნიერო სტატია შემდეგი თემატიკის მიხედვით: შედარებითი ლიტერატურა და თანამედროვეობა - ლიტერატურა, პოლიტიკა, იდეოლოგია; ფილოლოგიური და  ინტერდისციპლინური კვლევები - ლიტერატურა, გამოძიება, პროცესი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები