ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ავსტრიული კულტურის ცენტრის, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთობლივი კონფერენცია

12-14 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში: ქართული და ავსტრიული დისკურსების გათვალისწინებით“.

ქალი როგორც კულტურული კონსტრუქცია, განსხვავებულადაა აღქმული და წარმოდგენილი სხვადასხვა ეპოქისა და საზოგადოების კულტურულ არტეფაქტებსა და მედიუმებში. თუმცა, განსხვავებებთან ერთად, გვხვდება ტრანსკულტურული მუდმივებიც, რომლებიც მეორდება დრო-სივრცითი კოორდინატების განურჩევლად. დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ქალური დისკურსის დასავლური და აღმოსავლური თავისებურებების შედარებითი ანალიზის საფუძველზე ქალის, როგორც კონსტრუქციის ინტერკულტურული განზომილების, შესწავლა. ამ მიზნით კონფერენციაზე ყურადღების ცენტრში მოექცევა ქალისა და ქალურობის რეპრეზენტაციათა ქართული და ავსტრიული მოდელები და ამ უკანასკნელთა მიმართება გლობალურ კონტექსტთან. თემატური სესიებისთვის განსაკუთრებით მისასალმებელია ინტერდისციპლინური მოხსენებები შემდეგი საკითხების ირგვლივ:

  • ქალი კოლონიურსა და პოსტკოლონიურ კონტექსტში;
  • ქალის რეპრეზენტაციის ინტერკულტურული და ტრანსკულტურული ასპექტები;
  • ქალური დისკურსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის;
  • ფემინურობა ლიტერატურასა და კულტურის სხვა მედიებში;
  • ფემინურობის დეკონსტრუქცია?

ღონისძიება ჩატარდება თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით. შესაძლებელი იქნება, მთლიანად ან ნაწილობრივ დაიფაროს ავსტრიელ სტუმართა მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები.  კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, გერმანული და ინგლისური. მოხსენებების დასაშვები ხანგრძლივობაა 20 წუთი. კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია დოქტორანტთა ფორუმი, მწერალ ქალთა საღამო და ექსკურსია.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 1-ლ ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების 150-200-სიტყვიანი აბსტრაქტი, 5 საკვანძო სიტყვის, აკადემიური ხარისხის, სამუშაო ადგილის, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mzia.galdavadze@iliauni.edu.ge. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. სიმპოზიუმის მონაწილეებს შეარჩევს სპეციალური კომისია წარმოდგენილი თეზისების საფუძველზე.

მონაწილეობის მსურველებს შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება ეცნობებათ 2017 წლის  15 ივნისამდე. დაგეგმილია საკონფერენციო მოხსენებების დაბეჭდვა კრებულში, რომელიც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცემა ავსტრიაში.

ბანერები