ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამები

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის პროგრამები

სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციის მიზნით ს. წერეთლის ფილოსოფიის სკოლაში გატარდა შემდეგი ღონისძიებები:


სამაგისტრო პროგრამა
2012 წელს განვითარდა ფილოსოფიის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას:

  • თეორიული ფილოსოფია;
  • პრაქტიკული ფილოსოფია;
  • ფილოსოფიური ანთროპოლოგია. 

პროგრამა ვითარდება და იცვლება ყოველი სემესტრის დასაწყისში, რათა მოხდეს სხვადასხვა კვლევისა და მიღწევის ჩართვა სასწავლო პროცესში, შესაბამისად, სწავლებისა და კვლევის ეფექტური ინტეგრაცია.


სადოქტორო პროგრამა
2013 წელს განვითარდა ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდა მკვლევრების მიერ ფილოსოფიის მიმართულებით ახალი ტენდენციების გაცნობა-გაანალიზებას და მიღწევათა ჩართვას სასწავლო კურსებში.

ფილოსოფიური ტექსტების ქართული თარგმანები

ფილოსოფიის ინსტიტუტში ხორციელდება პროექტები, რათა ქართულ ენაზე ითარგმნოს კლასიკური თუ თანამედროვე ფილოსოფიური ტექსტები. გაწეული მთარგმნელობითი სამუშაო ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ახალი ფილოსოფიური ტერმინოლოგიის ქართულ ენაზე შემუშავებასა და დამკვიდრებას, რასაც ხელს უწყობს ისიც, რომ თარგმნილი ტექსტები სასწავლო პროცესში იქნება ჩართული. ფილოსოფიის ინსტიტუტის მაგისტრანტებს სტაჟირების ფარგლებში მოეთხოვებათ, წვლილი შეიტანონ ფილოსოფიური ტექსტების თარგმნაში, რაც ემსახურება მაგისტრანტებში მთარგმნელობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
2012-2013 წლებში ფილოსოფიის ინსტიტუტის ბაზაზე მომზადდა შემდეგი თარგმანები:
• კრებული „ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან“, რომლის შემდგენელი და მთავარი რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. თამარ ცოფურაშვილი. წიგნში შესულია უმბერტო ეკოს, რენე ჟირარის, იულია კრიტევას, ჟაკ ლაკანის, ჟაკ დერიდას, ჰანს ბლუმენბერგის, მარსელ ჰენაფის, მორის ბლანშოს, ალენ ბადიუს, ჟან-ლიუკ ნანსის, ემანუელ ლევინასის და როლან ბარტის ტექსტები ბიბლიისა და საკრალურის მნიშვნელობის გადააზრების შესახებ, რომლებიც ქართულად პირველად ითარგმნა. თარგმანებზე მუშაობაში ჩართულები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ფილოსოფიის ინსტიტუტთან ასოცირებული მკვლევრები.

• „ცნობიერების ფილოსოფია. ქრესტომათია“, რომელიც შეადგინა და თარგმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორმა თამარ ცხადაძემ. ქრესტომათია მკითხველს სთავაზობს თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთ დარგში იმ ტექსტების ქართულ თარგმანს, რომლებიც ცნობიერების ფილოსოფიაში მიმდინარე თანამედროვე დებატების განმსაზღვრელია. კრებულს თემატურად აერთიანებს ცნობიერების ფილოსოფიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი - ცნობიერებასა და სხეულს, უფრო ზოგადად, მენტალურსა და ფიზიკურს შორის მიმართების საკითხი. ამასთან, ტექსტების უმრავლესობა უკვე მყარადაა დამკვიდრებული ანალიზური ფილოსოფიის ანთოლოგიებსა და ქრესტომათიებში და მათთან ნაცნობობა აუცილებელი პირობაც კია ფილოსოფიური საკითხების კვლევით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
ამჟამად გამოსაცემად მზადაა ან მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი ტექსტების თარგმანებზე:
 ბრუნო ლატური, ”არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები. სიმეტრიული ანთოლოგიის მცდელობა” (მთარგმნ. ელენე ლადარია, რედ. ნინო ფირცხალავა);
✔ იულია კრისტევა, „ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია“ (მთარგმნ. თამარ ონოფრიენკო, რედ. ლუკა ნახუცრიშვილი);
✔ საულ კრიპკე, „სახელდება და აუცილებლობა“ (მთარგმნ. თამარ ცხადაძე, რედ. ლელა ალექსიძე);
✔ გ. რ. ევანსი, „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში“ (მთარგმნ. დავით თინიკაშვილი, რედ. თეიმურაზ ბუაძე);
✔ ფ. ვ. ი. შელინგი ”ტრაქტატი ადამიანური თავისუფლების არსის შესახებ” (მთარგმნ. თამარ ცოფურაშვილი, რედ. ნინო ფირცხალავა).

2012-2013 წლებში ჩატარებული კონფერენციები და საჯარო ლექციები უცხოელი მკვლევრების მონაწილეობით

2012 წლის 30 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია: „სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება“. კონფერენციის მიზანი იყო პრაქტიკული ფილოსოფიის სამი ძირითადი კონცეპტის - სამართლიანობის, ზნეობრიობის, თავისუფლების - თემატიზაცია ანტიკურობიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გურამ თევზაძე, სერგო რატიანი, გიგა ზედანია, თამარ ცოფურაშვილი, ნინო როდონაია, ლევან გიგინეიშვილი, მამუკა ბერიაშვილი, მაკა ლაშხია. კონფერენციას საპატიო სტუმრისა და მომხსენებლის რანგში ესწრებოდა ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, თეო კობუში, რომელმაც წაიკითხა მოხსენება თემაზე - „ნება როგორც თავისუფლების პრინციპი“.
დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები მიმდინარე პროცესების ფილოსოფიური კუთხით ანალიზისთვის
2013 წლის 28 მაისიდან 2 ივნისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული იყო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი დონ კალბი, რომელმაც წაიკითხა ლექციების ციკლი თემაზე - „მოდერნულობა და რელაციონალური ონტოლოგიები“. დონ კალბთან განხილულ იქნა ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის შინაარსი, კერძოდ, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მოდული და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
2013 წლის 18 სექტემბერს ფილოსოფიის ინსტიტუტმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლა მეცნიერების ფილოსოფიის მიმართულებით ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, კაი ჰაუზერს, რომელმაც წაიკითხა საჯარო მოხსენება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ აქტუალურ შემეცნებით-თეორიულ საკითხებზე - ”რის გაკეთება არ შეუძლიათ კომპიუტერებს - ორი მიდგომის შესახებ”.
2013 წლის 21-27 ნოემბერს ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვევით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ტულუზის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ჰურია ბენტუამის, ვიზიტი. მან წაიკითხა ლექციების ციკლი თემაზე - ”ომი: ტრავმატული გამოცდილება და აღდგენადი სამართლიანობა”. ლექციების კურსი ჩართული იყო ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმში, როგორც ნაწილი კურსისა „ფიგურა და მიმეზისი“. პროფესორმა ბენტუამიმ ისაუბრა ომის ტრავმულ გავლენასა და სამართალზე, ინდივიდისა და კოლექტიურ მეხსიერებაზე; სად ხდება ნარატივის კონფიგურაცია, ინდივიდუალური მეხსიერების მანიპულირება კოლექტიურში.
ჰურია ბენტუამიმ წაიკითხა ასევე საჯარო მოხსენება თემაზე „დანაშაული და დასჯა“, და ძალადობის ფენომენი განიხილა მიშელ ფუკოს ტექსტის საფუძველზე „ზედამხედველობა და დასჯა.“ ლექციაზე განხილული იყო დასჯისა და წამების პათოლოგიზაციისა თუ რიტუალიზაციის მიზეზები, ციხეში არსებული დასჯის იდეის გადატანა სოციალურ ინსტიტუტებში - სკოლებსა თუ ფაბრიკა-ქარხნებში.
მოწვეული უცხოელი პროფესორის ლექციების ჩართვა სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმში არსებული კურსის ნაწილად პირველი პრეცენდენტია ფილოსოფიის სასწავლო პროგრამებში. ამ პრაქტიკის წარმატებული იმპლემენტაციის საფუძველზე დაიგეგმა მსგავსი თანამშრომლობის განვითარება მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში.
ინსტიტუტის მიერ განხორციელებული სასწავლო აქტივობების რიცხვშია 2012 წლის 2-12 აგვისტოს აბასთუმანში ჩატარებული საზაფხულო სკოლა - „ძირითადი თავისუფლებების ფილოსოფიური და სოციალურ-თეორიული ასპექტები“. ქართველ კოლეგებთან ერთად ლექციები წაიკითხეს ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ მოწვეულმა უცხოელმა პროფესორებმა: ვალტერ იეშკემ (გერმანია, ბოხუმი), ნიკლაუს ლარგიერმა (აშშ, ბერკლი) და დოქტორმა სტეფენ ციმერმანმა (გერმანია, ბონი).
სკოლაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 32-მა სტუდენტმა.

 

ბანერები