ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმდინარე კვლევები

გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიმდინარე კვლევები

 2014 წელს გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კვლევა წარიმართება სამი ძირითადი მიმართულებით:

1. ადამიანის ემოციური სფეროს შესწავლა პრაიმინგის და სხვადასხვა სახის ემოციურ სტიმულებზე პასუხის მიხედვით
2. მოზარდი თაობის ფსიქოლოგიური Well-being
3. კვლევა განათლების მიმართულებით

1. ინფორმაციის აღქმის და რეაგირების თავისებურებები პრაიმინგის და სახის ექსპრესიის დეკოდირების პროცესში

1.1 პრაიმინგის ზეგავლენა ადამიანებზე (წარიმართება სოციალური და აფექტური ნეირომეცნიერებების კურსის ხელმძღვანელებთან, სიმონ სურგულაძესთან და გიორგი ჩიქოვანთან თანამშრომლობით)

ფართო გაგებით, პრაიმინგი არის ზეგავლენა ადამიანის მიერ ინფორმაციის აღქმა-ანალიზის პროცესზე, განხორციელებული ნებისმიერი სახის სტიმულით (პრაიმერით), რომელიც წინ უსწრებს ამ ინფორმაციის (პრაიმერის სამიზნე) აღქმას და ანალიზს. შესაძლოა, პრაიმერი აზრობრივად არც უკავშირდებოდეს სამიზნეს, აღიქმებოდეს არაცნობიერად, მაგრამ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდეს სამიზნეს აღქმასა და ანალიზზე.
მაგალითად, ყველასათვის კარგად ცნობილი ოცდამეოთხე კადრი ფაქტობრივად პრაიმერია, რომელიც ქვეცნობიერად მოქმედებს ადამიანზე და ცვლის მისი ქცევის მიმართულებას (ემოციურ-კოგნიტურ დონეზე).
პრაიმერია ის ნეგატიური ინფორმაციაც, რომელიც მოედინება მასმედიის საშუალებებიდან და მოქმედებს ადამიანის მიერ სამიზნე ინფორმაციის (მაგალითად პრაიმერისგან აზრობრივად სრულიად დამოუკიდებელი მელოდიის, ვერბალური ინფორმაციის, ადამიანების მიმიკის და სხვ.) აღქმასა და ანალიზზე.
პრაიმინგის შესწავლა მიმდინარეობს ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ფიზიოლოგიის მიმართულებით. ფიზიოლოგია სწავლობს პრაიმინგის მექანიზმს, ფსიქოლოგია - არასასურველი პრაიმინგის თავიდან აცილების გზებს, ხოლო სოციოლოგია - პრაიმინგის ზეგავლენას ადამიანებზე სხვადასხვა სიტუაციაში.
თავის ტვინის ფიზიოლოგიური პროცესები წარმოადგენს პრაიმინგის (და, საერთოდ, ნებისმიერი ქცევითი, ემოციური თუ კოგნიტური ფენომენის) საფუძველს და ამიტომ, ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი პრაიმინგის ფიზიოლოგიური მექანიზმის შესწავლაა.

ცდაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანმრთელი ცდის პირები (ორივე სქესის, 10-25 წლის). მეთოდი: პრაიმერის და სამიზნეს წარდგენა ვიზუალურად და მათი ურთიერთქმედების გამოვლენა ცდის პირის ვერბალური რეაქციის მიხედვით.
ეეგ-აპარატი გამოყენებულ იქნება იმისათვის, რომ დადგინდეს თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია პრაიმინგის ფენომენის განვითარებაზე.
პრაიმინგის შესწავლაში ჩართული იქნება ილიას უნივერსიტეტის 2 მაგისტრანტი.
1.2. უნებლიე მიმიკური ექსპრესიის დეკოდირების კვლევა
კვლევის მიზანი: ემოციური ექსპრესიის (მიმიკის) დეკოდირების (იდენტიფიკაციის) ემპირიული კვლევა, კერძოდ, შესწავლა, თუ რა სახით ხდება უნებლიე მიმიკის იდენტიფიკაცია და სახელდება თანამედროვე ქართველი პოპულაციის მიერ.
2. მოზარდი თაობის ფსიქოლოგიური Well-being
2.1. მითოდრამა კრიზისულ სამსახურში
მითოდრამა საქართველოში არის ალან გუგენბულის (შვეიცარია) თერაპიულ/ განმავითარებელი მეთოდი, რომელმაც პროექტი “ნერგის” ფარგლებში 2009 წლიდან 500-მდე ბავშვს გაუწია მაღალი ხარისხის ფსიქოლოგიური მომსახურება საქართველოში.
ამ ეტაპზე მითოდრამის საქართველოში დანერგვის პროცესის ხელშესაწყობად რეკომენდებული ნაბიჯია რელევენტური კვლევის ჩატარება. გარკვეული კონკრეტული კვლევითი საკითხები უკვე დასმულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო კვლევებში.
კვლევის გაგრძელება მიზანშეწონილია შემდეგი მიმართულებებით:
• იმისათვის, რომ მეთოდმა მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს საქართველოს რეალობაში საჭიროა საქართველოში მაცხოვრებელი მოზარდებისთვის კრიზისული მდგომარეობის შემქმნელი სპეციფიკური პრობლემების იდენტიფიცირება (კულტურული სპეციფიკურობის პერსპექტივა)
• მითოდრამის მეთოდისა და “განწყობის” ქართული ფსიქოლოგიური სკოლის თანმხვედრი საკითხების ექსპერიმენტული კვლევა ადამიანის (მოზარდის) განვითარებასა და ცვლილებასთან დაკავშირებულ სფეროში (აკადემიური სპეციფიკურობის პერსპექტივა).
2.2. ფილიპ ზიმბარდოს დროის პერსპექტივის კითხვარის ადაპტირება ქართულ პოპულაციაზე
ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღება, პროდუქტიული პროფესიული საქმიანობა, ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, დიდადაა დამოკიდებული პიროვნების ე.წ. "სუბიექტურ დროზე" - ორიენტირებულია წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე. ეს უკანასკნელი, ანუ მომავალზე მიმართულობა, მნიშვნელოვანია გვიანი მოზარდობის ხანიდან ყველა ასაკში და დიდად განსაზღვრავს ადამიანის განვითარების გზაზე კრიზისების წარმატებულ დაძლევას და სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში წარმატებას. ამ მხრივ კვლევები საქართველოში არ ჩატარებულა. განათლების და განვითარების ფსიქოლოგიის კუთხით ძალზე საინტერესოდ მიგვაჩნია რიგი საკითხების კვლევა, მაგ., დროის პერსპექტივის განცდის გავლენა ეგო-იდენტობის ფორმირებაზე, ზოგადად სწავლის მოტივაციაზე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და სხვა. არსებობს კვლევის საინტერესო ინსტრუმენტი Zimbardo Time Perspective Inventory - ZTPI, რომლის ადაპტირებაც აუცილებელია კვლევების ჩასატარებლად. 2014 წელს სწორედ ამ ინსტრუმენტის ადაპტირება გვაქვს გეგმაში.

2.3. ოჯახის შეგუების და ადაპტაციის ტიპოლოგია განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შემთხვევაში
შესწავლილ იქნება გამკლავების ის მექანიზმები, რაც ოჯახს აქვს ან გამოუმუშავდება სპეციალისტებთან მუშაობისას, როდესაც მათ შვილებს აქვთ განვითარების რაიმე ტიპის დარღვევა. კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ ილიას უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრში და პორტიჯის ასოციაციაში. აქ არიან დაუნის სინდრომის და აუტიზმის მქონე ბავშვები. საბოლოო პროდუქტი იქნება ოჯახის ტიპოლოგიის საკვლევი სკალა, რომელიც მომავალში გააადვილებს პროფესიონალთა კლინიკურ პრაქტიკას და, შესაბამისად, დაეხმარება ოჯახებს.
2.4. ფრუსტრაციის გამომწვევი სიტუაციების კვლევა მოზარდებში
ფრუსტრაცია ნეგატიური ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია ამა თუ იმ მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობით, დაკმაყოფილებისათვის საჭირო პირობების არარსებობით. ეს ფსიქიკური მდგომარეობა დამთრგუნველია ადამიანისათვის, განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება მოზარდთა ფსიქიკაზე, იწვევს შფოთის, დაძაბულობის, მღელვარების, სასოწარკვეთილების განცდას, ქვეითდება შრომისუნარიანობა და ცხოვრების ხარისხი.

კვლევის ამოცანაა:
• დაადგინოს რა სოციალური სიტუაციები, რომელი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა იწვევს თანამედროვე მოზარდებში ფრუსტრაციას;
• შედარდეს ამ თვალსაზრისით უმცროსი (სასკოლო ასაკი) და უფროსი (სტუდენტები) მოზარდები;
• შედარდეს მონაცემები გენდერული თვალსაზრისით;
მიღებული შედეგების გათვალისწინება დაეხმარება მოზარდებს მაქსიმალურად აიცილონ თავიდან ფრუსტრაციის გამომწვევი სიტუაციები.

3. კვლევა განათლების მიმართულებით
კვლევის ზოგადი სფეროა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის პრობლემატიკა, კერძოდ, ამ დოკუმენტის ანალიზი საგნობრივი წიგნიერების ჭრილში. აუცილებლად გასაანალიზებელია, რამდენად უწყობს ხელს საგნობრივი პროგრამები (საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების, მათემატიკის...) წიგნიერების უნარების განვითარებას, როგორ უნდა გადამუშავდეს ეს პროგრამები და, ზოგადად, ეროვნული სასწავლო გეგმა ამ მიმართულებით. ეს საკითხი უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან და ფართო თემას, როგორიცაა სწავლების ენა. ამ კვლევაში ჩართული იქნება დოქტორანტი ირინა სამსონია.

ბანერები