ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასრულებული კვლევები

გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დასრულებული კვლევითი პროექტები

1. სტუდენტების მიერ ფეისბუქის გამოყენების თავისებურებები

კვლევა ჩატარდა ინსტიტუტის ფართომასშტაბიანი პროექტის - ადიქციის დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციის და პრევენციის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - ფარგლებში. ცდის პირებს (19-22 წლის, ორივე სქესის სტუდენტები) კითხვარში უნდა მიენიჭებინათ სათანადო ქულა (0-5-მდე) ფეისბუქში შესვლის სხვადასხვა მოტივისათვის მისი მნიშვნელობის შესაბამისად (იხ. ცხრილი)

ჩატარებული კვლევის ძირითადი სარგებელი ის არის, რომ ფეისბუქში შესვლის ძირითადი მოტივების ცოდნა მოგვცემს საშუალებას, სწორად დავგეგმოთ ფეისბუქ-ადიქციის პრევენციისათვის საჭირო ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ჩარევის მეთოდები

2. აგრესიული ინტერნეტ-თამაშების ზეგავლენა ადამიანის ემოციურ განწყობაზე

დადგინდა, რომ აგრესიული კომპიუტერული თამაშები არ ახდენს ახალგაზრდების ემოციური ფონის გადახრას აგრესიულობისაკენ (იხ. ცხრილი).



კერძოდ, ცხრილიდან ჩანს, რომ აგრესიის საზომ ტესტში მიღებული ქულები სტატისტიკურად სარწმუნოდ არ განსხვავდება უშუალოდ კომპიუტერული თამაშის დაწყებამდე (1), თამაშის დამთავრებიდან 5-10 წუთის შემდეგ (2) და რამდენიმე დღის შემდეგ (3).


პრაიმინგის მექანიზმი
დადგინდა, რომ ადამიანები (ახალგაზრდები, 17-25 წლის) ადვილად ექცევიან პრაიმერის ზეგავლენის ქვეშ. კერძოდ, ნეგატიური ინფორმაციის აღქმის შემდეგ ადამიანი ნეგატიურად აღიქვამს სხვა, ამ ინფორმაციასთან ლოგიკურად დაუკავშირებელ, ემოციურად ნეიტრალურ სტიმულებს.
პრაიმინგის კვლევის კიდევ ერთ სერიაში, ცდის პირებთან (სკოლის მოსწავლეები, 7-8 წლის), გამოვიყენეთ თავისუფალი ასოციაციის ტესტი. ცდის პირებს უნდა დაერქმიათ სახელი ემოციურად დადებითი სტიმულისათვის (ყვავილის ფოტო). ტესტირება ჩატარდა სამჯერ, საქართველოში პოლიტიკური მღელვარების წლებში (2003, 2012) და პოლიტიკურად შედარებით სტაბილურ 2006 წელს. თავისუფალი ასოციაციის ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ 7-8 წლის ბავშვები მნიშვნელოვნად ექცევიან პოლიტიკური პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ: თავისუფალი ასოციაცები 2003 და 2012 წლებში უკავშირდებოდა (შემთხვევათა უმრავლესობაში) პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერების სახელებს, ხოლო 2006 წელს - ოჯახის წევრების და ნაცნობების სახელებს.


შიშის დაძლევის საშუალებები

ვიკვლიეთ გველის მიმართ შიშის მიზეზი. ამ საკითხზე არსებული შეხედულებებიდან (ბიოლოგიურად, ევოლუციურად განპირობებული შიში, ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული შიში, უცოდინრობა) ავირჩიეთ უცოდინრობის კავშირი გველის მიმართ შიშთან. კითხვარების საშუალებით გამოვიკვლიეთ 18-22 წლის ახალგაზრდები. მათ უნდა გაეცათ პასუხი (დიახ, არა) გველის მიმართ შიშის შესახებ კითხვებზე და გველის აგებულების და ქცევის შესახებ დასმულ კითხვებზე. ორი კითხვარის შედეგების შედარებამ უჩვენა რომ (იხ. გრაფიკი):



რაც უფრო დაბალია გველის შესახებ ცოდნის დონე, მით მეტია შიში ამ ცხოველის მიმართ.
მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ სასურველია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მეტი ადგილი დაეთმოს ზოოლოგიას, კონკრეტულად ინფორმაციას ისეთი ცხოველების შესახებ, რომლებიც შიშს აღძრავენ ადამიანებში. საკითხს ორი მხარე აქვს: ფსიქოლოგიური და ცხოველთა დაცვითი. ერთი მხრივ, ცხოველების მიმართ შიშის დონის შემცირება ამცირებს ამ ცხოველებთან კონტაქტის დროს მიღებულ სტრესს; მეორე მხრივ კი, ცხოველის მიმართ შიში იწვევს აგრესიას და ადამიანი ანადგურებს მას.

 

ბანერები