ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სპარსულენოვანი საზოგადოებების კვლევის ასოციაციის მე-8 საერთაშორისო კონგრესი

ღონისძიებები

2018 წლის 15-18 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება სპარსულენოვანი საზოგადოებების კვლევის ასოციაციის (The Association for Study of Persianate Societies. აშშ) მე-8 საერთაშორისო კონგრესი. კონგრესში მონაწილეობას მიიღებს 165 მკვლევარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, ირანი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, ჰოლანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ისრაელი, ინდოეთი, პაკისტანი, თურქეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, რუსეთი).

სპარსულენოვანი საზოგადოებების კვლევის ასოციაცია ირანული კვლევების დარგში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულია. ასოციაცია გამოსცემს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალს „Journal of Persianate Studies“, რომელშიც არაერთხელ დაბეჭდილა ქართველ მკვლევართა ნაშრომები, ჟურნალის ერთი ნომერი კი მთლიანად ქართულ-ირანულიმრავალმხრივ ურთიერთობათა შესწავლას მიეძღვნა. ასოციაცია ორ წელიწადში ერთხელ მართავს კონგრესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ თბილისი პირველი ქალაქია, სადაც მეორედ გაიმართება კონგრესი (პირველად ჩატარდა 2007 წელს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ განსაკუთრებულ ისტორიულ და კულტურულ როლზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ენიჭება, როგორც ირანისა და დასავლური სამყაროს დამაკავშირებელს და, ზოგადად, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის ადგილს. კონგრესზე არაერთი მოხსენება მიეძღვნება ქართულ-ირანული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტის გაშუქებას.

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური

კონფერენციის გახსნა – 15 მარტი, 18:00 საათი, B201 აუდიტორია (ი. ჭავაჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

16-18 მარტი

G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), S201, S311, S401, S712 (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

კონფერენციის პროგრამა იხ: http://www.persianatesocieties.org

ბანერები