ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი 1960 წელს შეიქმნა აკადემიკოს გიორგი წერეთლის ინიციატივით და 1973 წელს სწორედ მისი სახელი მიენიჭა. 2010 წელს ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა.

სხვადასხვა დროს ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ ქართული მეცნიერების ისეთი აღიარებული წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: გიორგი წერეთელი, სერგი ჯიქია, სიმონ ყაუხჩიშვილი, კონსტანტინე წერეთელი, ვლადიმერ ფუთურიძე, ვალერიან გაბაშვილი, ოთარ გიგინეიშვილი, ალექსანდრე გვახარია, მაგალი თოდუა, ვლადიმერ ახვლედიანი, მზია ანდრონიკაშვილი, ოთარ ცქიტიშვილი, ზურაბ შარაშენიძე, ვაჟა გვახარია, მიხეილ ჩხეიძე, მიხეილ სვანიძე, თეო ჩხეიძე, ნოდარ ლომოური, კარლო კუცია, ჯემშიდ გიუნაშვილი, ოლღა თედეევი, ალექსანდრე ალექსიძე, ლევან ნადირაძე და სხვანი. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემის საპატიო პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.

ინსტიტუტის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს აღმოსავლური ენათმეცნიერების, აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის აქტუალური პრობლემების, აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ხალხებთან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხების კვლევა; ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური პროცესების, ისლამისა და კონფესიათაშორისი ურთიერთობების შესწავლა, ახლო და შუა აღმოსავლეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების გეოპოლიტიკური პრობლემების კვლევა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პროცესთა კონტექსტში.

ინსტიტუტის სტრუქტურა:

• ძველი აღმოსავლეთის ენების განყოფილება;
• სემიტოლოგიის განყოფილება;
• ინდურ-ირანული ენების განყოფილება;
• სპარსული ფილოლოგიის განყოფილება;
• თურქოლოგიის განყოფილება;
• ბიზანტინოლოგიის განყოფილება;
• ახლო აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება;
• ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილება;
• იაპონიის ცენტრი;
• იეზიდური კვლევების ცენტრი;
• ბიბლიოთეკა სამეცნიერო ლიტერატურისა და პერიოდიკის მდიდარი ფონდით.

ინსტიტუტის ეგიდით გამოდიოდა და გამოდის შემდეგი სამეცნიერო პერიოდული გამოცემები:

• „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო”
• „თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი“ (ელექტრონული ჟურნალი)
• „აღმოსავლური ფილოლოგია”
• „საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები”
• „მახლობელი აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები”
• „სემიტოლოგიური ძიებანი”
• „ტიპოლოგიური ძიებანი”
• „სპარსულ-ქართული ცდანი”
• „ჯევანმარდი”
• „ორიენტალისტი”
• „პერსპექტივა-XXI”

ინსტიტუტის თანამშრომელთა მრავალი მნიშვნელოვანი მონოგრაფია თუ სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებულია სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ქვეყანაში.

ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან, მათ შორის: კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტთან, საფრანგეთის აღმოსავლური ენებისა და კულტურების ეროვნულ ინსტიტუტსა და „ირანული და ინდური სამყაროს” კვლევით ჯგუფთან, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტთან, ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტთან, ჰოკაიდოსა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტებთან, გიოტენგენის უნივერსიტეტთან, კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროკის კოლეჯთან, მეხიკოს იბეროამარიკანას უნივერსიტეტთან, თეირანის, ისპაჰანის და გილანის უნივერსიტეტებთან, ანატოლიის კვლევების ფრანგულ ინსტიტუტთან, ჰანკუკის უცხოეთის კვლევების უნივერსიტეტთან, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ირანისტიკის ინსტიტუტთან, ერევნის, ბაქოს, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებთან და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტებთან. ინსტიტუტის თანამშრომლებს მრავალი ერთობლივი პროექტი აქვთ განხორციელებული უცხოელ კოლეგებთან ერთად. ინსტიტუტის თანამშრომლები არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრები არიან.

ინსტიტუტში ჩატარებულია მრავალი საერთაშორისო კონფერენცია. მათ შორის უკანასკნელ წლებში: „ირანი და კავკასია: ისტორია, კულტურა, თანამედროვე ურთიერთობები“, ანატოლიის კვლევების ფრანგული ინსტიტუტთან ერთად (2015). „დიდი თამაში და საქართველო“ აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ,კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროკის კოლეჯთან ერთად) (2015); ირანული ენების კვლევის ევროპული ასოციაციის VI საერთაშორისო კონფერენცია (2016); მე-8 საერთაშორისო კონფერენცია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოპკულტურების შესახებ, ვენის უნივერსიტეტსა და ალ-ახვაინის უნივერსიტეტთან (მაროკო); სპარსულენოვანი საზოგადოებების კვლევის ასოციაციის მე-8 კონგრესი (2018); „აღმოსავლეთი და დასავლეთი: ლინგვისტური, კულტურული და ისტორიული ურთიერთობები“ (მიეძღვნა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს) (2019). ინსტიტუტის დაარსებიდან 60 წლისთავიდან მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“ (2020).

ინსტიტუტის თანამშრომლები უძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის პროგრამას, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ახლო აღმოსავლეთის მოდულს. კითხულობენ ლექციებს სწავლების სამივე დონეზე, ხელმძღვანელობენ მაგისტრანტებს და დოქტორანტებს.

ამჟამად ინსტიტუტში მუშაობს 53 მკვლევარი.

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები