ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

აღმოჩენები

აღმოჩენები

  • დამუშავდა ვარსკვლავთა სიმკვრივეების გამოთვლის ეფექტური მეთოდი, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია, როგორც ვაშაკიძე-ოორტის მეთოდი.
  • მ. ვაშაკიძემ დაადგინა კიბორჩხალის ნისლეულის ფიზიკური ბუნება. დადასტურდა, რომ ნისლეული ოპტიკურ უბანშიც ასხივებს არა სითბური, არამედ სინქროტრონული მექანიზმით.
  • გამოიცა გალაქტიკურ ბნელ ნისლეულთა ატლასი (ავტორი ჯ. ხავთასი).
  • ე. ხარაძემ და რ.ბართაიამ 70 სმ. მენისკურ ტელესკოპზე გადაღებული სპექტრებისათვის სპექტრული კლასიფიკაციის აბასთუმნის სისტემა დაამუშავეს.
  • 1970 წელს ერთ-ერთ კრატერს მთვარის ჩვენთვის უხილავ ნახევარსფეროზე მ.ვაშაკიძის სახელი ეწოდა.
  • რ. კილაძემ მერკურის გარშემო შეამჩნია ატმოსფერო.
  • 1976 წლის 20-დან 1977 წლის 20 თებერვლამდე გ.სალუქვაძის ხელმძღვანელობით თანამედროვე მეთოდიკითა და ორიგინალური ინსტრუმენტით (ორსხივიანი ხელსაწყო) გამოიკვლიეს მთა ყანობილის ასტროკლიმატი.
  • გ. სალუქვაძისა და შტერნბერგის სახ. სახელმწიფო ასტრონომიული ინსტიტუტის თანამშრომლებმა ტელესკოპის გუმბათის შიგნით პირველად გამოკვლიეს მიკროკლიმატი და რაოდენობრივად შეაფასეს მისი გავლენა ვარსკვლავთ გამონასახის ხარისხზე.
  • ობსერვატორიაში განხორციელდა 200 000-ზე მეტი მკრთალი ვარსკვლავის სპექტრული კლასიფიკაცია. გამოქვეყნდა სპექტრული და ნათობის კლასების ვრცელი კატალოგები (ე. ხარაძე, რ. ბართაია, ქ. ჩარგეიშვილი, ნ. კალანდაძე, მ. მეტრეველი და სხვ.).
  • რ. კილაძემ იწინასწარმეტყველა პლუტონის თანამგზავრის არსებობა.
  • გ. სალუქვაძემ ორმაგი და ჯერადი ვარსკვლავებიდან ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების გამოსავლენად კრიტერიუმები შეიმუშავა და ორმაგი ვარსკვლავების ინდექსკატალოგის საფუძველზე შეადგინა ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების პირველი სრული კატალოგი. დაკვირვებით მონაცემებზე დაყრდნობით გ. სალუქვაძემ დაადასტურა აკადემიკოს ვ. ამბარცუმიანის თეორიული მოსაზრება ვარსკვლავთა ჯგუფური წარმოშობის შესახებ.
  • დანიელი მეცნიერის რ. ვესტის მიერ აღმოჩენილ მცირე ცდომილს 1247 ე. ხარაძის სახელი მიენიჭა.
  • გამოქვეყნდა „მთვარის პოლარიმეტრული ატლასი“ (ავტორები: ვ. ჯაფიაშვილი, ა. კოროლი).
  • საკუთარი დაკვირვებითი მასალისა და მსოფლიო ბაზებში არსებული დაკვირვებითი მონაცემების საფუძველზე გ. სალუქვაძემ შეისწავლა ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების კინემატიკა. შედეგები ადასტურებს, რომ ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების დიდი ნაწილი არასტაბილური ობიექტებია და მათი ასაკი არ აღემატება ათ მილიონ წელს. გ. სალუქვაძემ ვარსკვლავთა ასოციაციებში გამოავლინა 120 ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემა, რომელთა დიდი ნაწილი (80) ფიზიკურია.
  • ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლის ნ. ჩერნიხის მიერ აღმოჩენილ მცირე ცდომილს (4737) 1996 წლის მაისში რ. კილაძის სახელი მიენიჭა.
  • გ. სალუქვაძემ და გ. ჯავახიშვილმა ექვსფეროვან ფოტომეტრიულ სისტემაში ელექტროფოტომეტრული დაკვირვებების შედეგად დაადგინეს, რომ ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების დიდი უმრავლესობა, რომელთა მთავარი ვარსკვლავი OB-2 სპექტრული კლასისაა, ფიზიკურ სისტემებს წარმოადგენს. კომპონენტების მასები რამდენჯერმე მეტია მზის მასაზე. ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ აღნიშნული სისტემები გალაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა.
  • აბასთუმნის ობსერვატორიის არსებობის მანძილზე მზის სრულ დაბნელებაზე დასაკვირვებლად ობსერვატორიაში 20-მდე სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყვეს დედამიწის ოთხი კონტინენტის სახელმწიფოების სამეცნიერო ექსპედიციებმა. მათ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს მზის გვირგვინის სტრუქტურისა და ფიზიკური ბუნების შესახებ (მ. ვაშაკიძე, ც. ხეცურიანი, ვ. ყულიჯანიშვილი, გ. სალუქვაძე, რ. კილაძე, ე. ხუციშვილი, მ. გიგოლაშვილი, დ.ჯაფარიძე და სხვ.).
  • ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლებს გამოქვეყნებული აქვთ 4000-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. გამოცემულია ობსერვატორიის შრომათა კრებულის „აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენის“ 77 ნომერი.
  • ობსერვატორიის თანამშრომელთა შრომები აღინიშნა სახელმწიფო (რ.კილაძე) და თ. ბრედიხინის პრემიებით (ვ. ჯაფიაშვილი, ა.კოროლი), წყნარი ოკეანის ასტრონომიული საზოგადოების მედლით „კომეტების აღმოჩენისათვის“ (გ. თევზაძე), საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიით (ჯ. ლომინაძე, გ. ჩაგელიშვილი, რ. ჭანიშვილი და ა. როგავა).

ობსერვატორიის დაარსებიდან მოყოლებული აღმოაჩინეს ახალი ციური ობიექტები:

  • 1942 წელს გ. თავზაძემ აღმოაჩინა ორი ახალი კომეტა;
  • 1948 წელს რ.ბართაიამ – ახალი ვარსკვლავი;
  • 1958-1961 წწ. შ. აფრიამაშვილმა – სამი ახალი ვარსკვლავი;
  • 1967 წელს ა. ჭუაძემ – ზეახალი ვარსკვლავი;
  • 1971-1989 წლებში გ. ქიმერიძემ – ექვსი ზეახალი ვარსკვლავი;
  • 1980 წელს რ. ინასარიძემ – ზეახალი ვარსკვლავი;
  • 1980-1997 წლებში გ. ქიმერიძემ და რ.ინასარიძემ აღმოაჩინეს ორი ახალი და ერთი განმეორებადი ახალი.

გამოავლინეს: ახალი პლანეტური ნისლეულები; ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავები; პეკულარული ნახშირბადოვანი ვარსკვლავები; ანთებადი ვარსკვლავები და ვარსკვლავთ სისტემები.

ბანერები