ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტების საერთაშორისო ბოტანიკური პრაქტიკა საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტს (ავსტრია) შორის არსებული კოოპერაციის ფარგლებში ა.წ. 9-18 ივლისს ბაკურიანსა და ყაზბეგში ჩატარდა საველე ბოტანიკური პრაქტიკა, რომელშიც ბოტანიკით დაინტერესებულ ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა 1ავსტრიელი, გერმანელი და სლოვენიელი სტუდენტი.

პრაქტიკას ხელმძღვანელობდნენ პროფ. ბრიგიტა ერშბამერი, პროფ. პეტერ შონესვეტერი (ინსბრუკის უნივერსიტეტი) და ემერიტუს პროფ. გია ნახუცრიშვილი და პროფ. ოთარ აბდალაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). ექსპედიციები, რომლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული, მოეწყო ცენტრალურ (ყაზბეგის რეგიონი) და მცირე (ბაკურიანის რეგიონი) კავკასიონზე, აგრეთვე მცხეთის რეგიონში შიო-მღვიმის მიდამოებში. სტუდენტები გაეცნენ ამ რეგიონების მდიდარ ფლორას; მოინახულეს ისეთი ეკოსისტემებიც, რომლებიც ევროპის ალპებში არ გვხვდება; ნახეს იშვიათი ენდემური სახეობები, მათ შორის, ხევის ლოკალური ენდემი - ყაზბეგის არაბულა (Arabis kazbegii)ავსტრიული ბოტანიკური სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. ამიტომ ქართველი სტუდენტებისთვის ასეთი საველე პრაქტიკა, როდესაც უშუალოდ ველზე აქვთ კონტაქტი ცნობილ ევროპელ მეცნიერებთან, როდესაც თანატოლ ევროპელ სტუდენტებთან ერთად სწავლობენ მცენარეთა იდენტიფიცირების თანამედროვე მეთოდებს და ეცნობიან ამა თუ იმ სახეობის წარმოშობისა და გავრცელების თავისებურებებს,  განსაკუთრებით ღირებულია.

 

ბანერები