ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გარემოში მიმდინარე და სოციალურ პროცესებს შორის არსებული მრავლობითი ურთიერთკავშირების ანალიზი

2010 წლის 20 ივლისიდან 15 სექტემბრამდე ცენტრალურ კავკასიონზე (ყაზბეგის რეგიონი) მიმდინარეობს „ფოლკსვაგენის ფონდის“ („Volkswagenstiftung“) მიერ დაფინანსებული პროექტის (2010-2013): „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გარემოში მიმდინარე და სოციალურ პროცესებს შორის არსებული მრავლობითი ურთიერთკავშირების ანალიზი: ინტერდისციპლინარული კვლევა მდგრადი მიწათსარგებლობის, ლანდშაფტების განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად“ ფარგლებში გათვალისწინებული საველე ფიტოეკოლოგიური სამუშაოები.

ექსპედიციაში მონაწილეობენ ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები (გ. ნახუცრიშვილი, მ. ახალკაცი, ო. აბდალაძე, ქ. ბაცაცაშვილი), დოქტორანტები (ნ. ტოგონიძე, ნ. ტეფნაძე) და მაგისტრანტები (თ. ბრაგვაძე, თ. ჩიხელიძე), აგრეთვე გისენის იუსტუს ლიბიგის უნივერსიტეტის პროფესორი ანეტე ოტტე.

პროექტის ზოგადი მიზანია მდგრადი მიწათსარგებლობის, ფიტოლანდშაფტების განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა. კვლევის ამოცანებია: 1) საკვლევ ტერიტორიებზე მცენარეულობის დარუკება; 2) ფიტომრავალფეროვნების ცვლილებების შეფასება დაწყებული 1960 წლიდან; 3) კავშირის დადგენა ფიტომრავალფეროვნებასა და გარემოს, ასევე ფიტომრავალფეროვნებასა და სოციალურ ცვლილებებს შორის; 4) მცენარეულობასა და ნიადაგში „თესლის ბანკს“ შორის ურთიერთკავშირის გამოვლენა; 5) წარსულში მიწათასრგებლობის ცვლილებების ინდიკატორების გარკვევა; 6) ფიტომრავალფეროვნების ცვლილებების შეფასება ლანდშაფტების განვითარებასთან კავშირში.

მეთოდიკის ათვისების მიზნით ა.წ. 8-22 ივნისს გისენის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ: პროფ. მ. ახალკაცი და დოქტორანტები ნ. ტოგონიძე და ნ. ტეფნაძე.

ბანერები