ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მცენარეთა ახალი სახეობები

2012 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ  პროფ. ერიჰ ჰიუბლი(ვენის უნივერსიტეტი, ავსტრია) და პროფ. ზიგმარ ბრეკლე (ბილფელდის უნივერსიტეტი, გერმანია). ისინი მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მიერ ყაზბეგის რეგიონში ჩატარებულ ექსპედიციაში. ევროპელმა ბოტანიკოსებმა ქართველ კოლეგებთან, ემერიტუს პროფ. გია ნახუცრიშვილთან და პროფ. ოთარ აბდალაძესთან ერთად, ევროპის ალპებთან შედარების მიზნით, შეისწავლეს ამ რეგიონის  მცენარეულობის ზოგიერთი ფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესში  აღმოჩნდა რამდენიმე ახალი სახეობა. კერძოდ, კავკასიისათვის ახალი სახეობა -ღერომოხრილი  მელაკუდა  Alopecurus geniculatus L. (ოჯახი: Poacea), საქართველოსათვის ახალი  სახეობები - ხებალახა Solanum dulcamara L. (ოჯახი: Solanaceae) და ჭაობის კურდღლისფრჩხილა Lotus pedunculatus Cav. (= Lotus uliginosus Schkuhr) (ოჯახი: Leguminosae) .
 გარდა ამისა, 2007 წელს პროფ. ოთარ აბდალაძემ ოჯახ კელაპტარისებრთა ცნობილ მონოგრაფ ჰერალდ შნეევაისთან (ვენის უნივერსიტეტი, ავსტრია) ერთად ამავე რეგიონში აღმოაჩინეს საქართველოსთვის ახალი სახეობა - ლამაზი კელაპტარა Phelipanche pulchella (C.A.Mey.) Sojak (= Orobanche pulchella (C.A.Mey.) Sojak) (ოჯახი: Orobanchaceae).
აღნიშნული სახეობები წარმოდგენილ იქნებიან საქართველოს ფლორის ნომენკლატურულ ნუსხაში, რომლის გამოცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2012-2013 წწ მიჯნაზე იგეგმება.

ბანერები