ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ექსპედიციები რელიქტური ხვლიკების მოსაძიებლად

ეკოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტი ეხება კოლხეთის რელიქტური ეკოსისტემების და, კერძოდ, ერთ-ერთი საინტერესო ცხოველთა ჯგუფის - კლდის ხვლიკების კვლევას. ეს ჯგუფი აერთიანებს ოცამდე სახეობას, რომელთა უმრავლესობა დასავლეთ კავკასიის გარდა მსოფლიოში აღარსად გვხვდება.

რამოდენიმე სახეობა უნიკალურია იმით, რომ შეუძლია ერთსქესიანი გამრავლება - მდედრები დებენ გაუნაყოფიერებელ კვერცხებს, საიდანაც ისევ მხოლოდ მდედრები იჩეკება. რამ გამოიწვია ხვლიკების ასეთი მრავალფეროვნება? გამოიწვია თუ არა ეს კოლხეთში გარემოს პირობების უაღრესმა ცვალებადობამ, თუ მთიანი ლანდშაფტით გამოწვეულმა იზოლაციამ ცალკეულ პოპულაციებს შორის?

ამ საკითხების გამოკვლევისათვის ჩვენ ვიყენებთ განსხვავებულ მეთოდებს:

  • დეტალურად შევისწავლით ცალკეული სახეობების გავრცელებას და ვანვითარებთ გეოგრაფიულ მოდელებს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის გამოყენებით;
  • შევისწავლით ხვლიკების გარეგნული ნიშნების ცვალებადობას;
  • მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ვადგენთ, თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან სახეობები დნმ-ის შემადგენლობით.

ახლახან ლინეს საზოგადოების ბიოლოგიურმა ჟურნალმა მიიღო გამოსაქვეყნებლად ჩვენს ინსტიტუტში მომზადებული სტატია, რომელიც ადასტურებს ხვლიკებში ერთსქესიანი გამრავლების უპირატესობას დღევანდელ კლიმატურ პირობებში, თუმცა, კვლევები გრძელდება.

ამ წლის ივნის-ივლისში ჩატარდა ექსპედიციები, რომლებმაც მოიცვეს თითქმის მთლიანად დასავლეთ საქართველო (აფხაზეთის გარდა) და თურქეთის მიმდებარე ტერიტორია. ჩვენ დავადგინეთ კლდის ხვლიკების, ხოლო მათთან ერთად სხვა ცხოველების - რელიქტური ლოკოკინების, პეპლების, ნემსიყლაპიების ოთხმოცამდე ახალი გავრცელების წერტილი; დავაგროვეთ ორასამდე სინჯი, რომლებიც გამოკვლეული იქნება გენეტიკურ ლაბორატორიაში.

სტუდენტებს, რომელთაც აინტერესებთ ევოლუციის საკითხები, ვთავაზობთ ამ საინტერესო კვლევაში ჩართვას. შესაძლოა, მომავალში ეს გახდეს მათი სამაგისტრო და, ვინ იცის, სადოქტორო კვლევის საგანი.

 

ბანერები