ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რაოდენობრივი ეკოლოგიის პროგრამა

რაოდენობრივი ეკოლოგიის პროგრამა

პროგრამის ხელმძღვანელი - დავით თარხნიშვილი

რაოდენობრივი ეკოლოგიის და ევოლუციური კვლევის პროგრამის ფარგლებში კვლევის ძირითადი მიმართულებებია (ცალკეული მიმართულების კვლევა ხორციელდება როგორც უნივერსიტეტის ბიუჯეტის, ასევე ეროვნული და/ან საერთაშორისო გრანტების მხარდაჭერით; კვლევის ნაწილი ხორციელდება უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად):

- მესამეული პერიოდის ტყის რეფუგიემების მოდელირება დასავლეთ აზიაში
- კავკასიის რელიქტური ფაუნის კვლევა გენეტიკური და საველე მეთოდების გამოყენებით
- ტყის საფარის და სხვა ბუნებრივი ეკოსისტემების მოდელირება კავკასიასა და საქართველოში
- სახეობათა წარმოქმნის კვლევა კავკასიის კლდის ხვლიკების მაგალითზე და ერთსქესიანი გამრავლების ევოლუცია ხვლიკებში
- ბიოლოგიური მრავალფეროვნების GIS მოდელირება კავკასიაში
- კავკასიის მურა დათვის პოპულაციურ-გენეტიკური კვლევა
- ფრინველების მიგრაციის აღწერა დასავლეთ კავკასიაში და ფრინველების გრიპის ეპიდემიოლოგიური შესწავლა
- კავკასიური ცხენის ჯიშების მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა
- საქართველოში და კავკასიაში ადამიანის გენეტიკური მრავალფეროვნება და მისი კავშირი ეკოლოგიურ ცვლადებთან.

პროგრამის თანამშრომლები ჩართულნი არიან ინსტიტუტის სხვა პროგრამების კვლევებში. ამის ერთ-ერთი მაგალითია მგლისა და კავკასიური ნაგაზის გენეტიკური კავშირის ანალიზი, სანადირო ცხოველების აღრიცხვა, დაგეგმილია კულტურული მცენარეების გენეტიკური ანალიზის განხორციელება.

ამ კვლევების განსახორციელებლად ინსტიტუტს გააჩნია საკმარისი სამეცნიერო ექსპერტიზა (ეკოლოგიის და ბიომრავალფეროვნების სფეროში მაღალრეიტინგული პუბლიკაციების მიხედვით, ინსტიტუტი ლიდერია კავკასიის რეგიონში) და მატერიალური რესურსები. აქ იგულისხმება საველე ბაზების მისაწვდომობა; მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის არსებობა (ეს სადღეისოდ რჩება ერთადერთ მომუშავე მოლეკულურ-გენეტიკური საუნივერსიტეტო ლაბორატორიად მთელ კავკასიის რეგიონში); კომპიუტერული ლაბორატორიის / კლასის არსებობა, რომელიც დამატებით აღიჭურვა 2013 წელს სერვერზე აწყობილი კომპიუტერების ქსელით; საველე კვლევისათვის საჭირო აღჭურვილობა. კვლევას ხელს უწყობს ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, დასავლური უნივერსიტეტების ეკოლოგიურ და გენეტიკურ დეპარტამენტებთან თანამშრომლობა (გერმანია, გეტინგენის უნივერსიტეტი; ბრიტანეთი, გლაზგოს უნივერსიტეტი; ფინეთი, ჰელსინკის უნივერსიტეტი; ესტონეთი, ტარტუს უნივერსიტეტი; აშშ, აიდაჰოს უნივერსიტეტი).
ინსტიტუტის განვითარების პერსპექტივა უკავშირდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების წარმატებულ განხორციელებას, ამ პროექტებში სტუდენტების ფართო ჩართულობას და კვლევის შედეგების პუბლიკაციას მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
კვლევითი პროგრამა აქტიურად უწყობს ხელს სამაგისტრო, საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების განვითარებას, კერძოდ ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების მართვის, ტყის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამების განხორციელებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები