ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგია და კონსერვაცია

მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიის და კონსერვაციის პროგრამა

ძირითადი მიმართულებები:

მგლის ეკოლოგია
2007-2010 წლებში მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოში ადამიანსა და მგელს შორის კონფლიქტის საკითხებზე, რაც გულისხმობდა მგლის საქონელზე და ადამიანზე თავდასხმის ტერიტორიების იდენტიფიკაციას, მგლის დასახლების მიზეზების კვლევას ადამიანის მიერ ათვისებულ ტერიტორიებზე და მტაცებლის მიერ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების გამოყენების სტრატეგიის შესწავლას. აღნიშნული კვლევისას პირველად გამოვლინდა კოლხეთის დაბლობის რეკოლონიზაციის პროცესი, სადაც მგელი აღარ ბინადრობდა გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, გამოიყო ეკოლოგიური და სოციოეკონომიკური მიზეზები, რაც ხელს უწყობს მგლის დასახლებას ადამიანის სიახლოვეს.
საქართველოში პირველად ჩატარდა კვლევა მგელსა და ძაღლს შორის ჰიბრიდიზაციის გამოვლენისთვის. სინჯების შეგროვება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა 2008-2012 წლის ჩათვლით. მგლის ტყავები, ექსკრემენტები და სისხლი აღებული იქნა ისეთ ადგილებში, სადაც მგელი ყოველთვის ბინადრობდა და იმ ტერიტორიებზეც, რომლის რეკოლონიზაცია მტაცებელმა ბოლო 5 წლის განმავლობაში დაიწყო (კოლხეთის დაბლობი). ჰიბრიდიზაციის შესწავლისათვის შეგროვდა დიდი ზომის (მეცხვარე) ძაღლების ბეწვის სინჯებიც. შესწავლილი იყო როგორც მიტოქონდრიული, ისე ბირთვული დნმ-ი. 2013 წელს გაკეთდა მონაცემთა ანალიზი სტატისტიკური და გენეტიკური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მგლების 10% და ძაღლების 20% ჰიბრიდული წარმოშობისაა; ხოლო 3% მგლისა და ძაღლის პირველი თაობის ჰიბრიდებია. ჰიბრიდიზაციის მაჩვენებელი აქ უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში. აქედან გამომდინარე, საქართველოში ძაღლის და მგლის ჰიბრიდიზაცია ჩვეულებრივი მოვლენაა ისეთ ტერიტორიებზე, სადაც დიდი ზომის მცველი ძაღლები თავისუფლად ჰყავთ; გენთა ნაკადი ძაღლებსა და მგლებს შორის მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც ძაღლების, ისე მგლების პოპულაციებზე.
აღნიშნული მიმართულებით კვლევა გაგრძელდება მომავალშიც, რათა დადგინდეს, გამოირჩევიან თუ არა ჰიბრიდები გაადვილებული ჰაბიტუაციის უნარით ადამიანის მიმართ, აგრეთვე ჰიბრიდიზაციის ხარისხის გამოსავლენად კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

საფრთხეში მყოფი ჩლიქოსნების პოპულაციების შეფასება და აღდგენის პერსპექტივები

აღნიშნული მიმართულების ფარგლებში განისაზღვრა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის (Capra cylindricornis), დასავლეთკავკასიური ჯიხვის (Capra caucasica), ნიამორის (Capra aegagrus), არჩვის (Rupicapra rupicapra) და ირმის (Cervus elaphus) რიცხოვნობა და სიმჭიდროვე საქართველოს ტერიტორიაზე. საველე სამუშაოებისთვის დაიფარა ყაზბეგის, თუშეთის, ლაგოდეხის, რაჭის, სვანეთის, ბორჯომ-ხარაგაულისა და აჭარის აღრიცხვისთვის შერჩეული ტერიტორიები. გარდა ამისა, პირველად საქართველოში 2012-2013 წლებში ჩატარდა ჩლიქოსნების საჰაერო აღრიცხვა ვერტმფრენით. აღნიშნული სახეობების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება შესაძლებელი გახდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების - „ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვა/შესწავლის მიზნით კვლევის ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე“ და „ცხოველთა სამყაროს მონიტორინგის მიზნით აღრიცხვების ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე“ - ფარგლებში.
2012 წელს ჩატარებულ აღრიცხვებში მონაწილეობდნენ უცხოელი კოლეგებიც. ჯიხვის აღრიცხვაში ჩართული იყო მაგისტრანტი ჟენევის უნივერსიტეტიდან, რომლის სამაგისტრო ნაშრომის თანახელმძღვანელი იყო პროფ. ზურაბ გურიელიძე.
პროგრამის პროფესორმა, ზურაბ გურიელიძემ გერმანელ კოლეგასთან, ჰარტმუტ იუნგიუსთან, ერთად 2012 წელს დაასრულა პროექტი - „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნიამორის რეინტროდუქციის შესაძლებლობების შესწავლა“, რომელიც დააფინანსა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა.
დაწყებულია მუშაობა ირმის აღდგენის მენეჯმენტის გეგმაზე.

შავი ზღვის ვეშაპისნაირთა ეკოლოგია და კონსერვაცია

2009 წლიდან დღემდე გრძელდება შავი ზღვის ვეშაპისნაირთა სამივე სახეობის დელფინების - თეთრგვერდა დელფინის (Delphinus delphis), აფალინას (Tursiops truncatus) და ზღვის ღორის (Phocoena phocoena) პოპულაციების მდგომარეობის მონიტორინგი. შეგროვებულია საკმარისი მონაცემები რაოდენობრივი ანალიზისთვის. დავიწყეთ თითოეული სახეობის ჯგუფური სტრუქტურის, მისი სეზონური ცვლილების და მასზე მოქმედი ფაქტორების კვლევა. გადაღებულია დელფინების ქცევის ამსახველი ვიდეომასალა და ფოტომასალა, რომელიც ინდივიდების გარჩევისა და ჯგუფური შემადგენლობის შესწავლისთვის გამოიყენება.
ტარდება კვლევა თეთრგვერდა დელფინისა და აფალინას სოციალური ნადირობის ფორმების, სანადირო ჯგუფების ასაკობრივი სტრუქტურის გამოვლენისა და ნადირობის ფორმაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლისათვის.
2012 წლის 23 ივნისს შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში პირველად ვნახეთ და გადავიღეთ თეთრი ზღვის ღორი. აღნიშნული შეფერილობა დიდ იშვიათობას წარმოადგენს ვეშაპისნაირებში. ბოლო 100 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ნაპოვნია ზღვის ღორის მხოლოდ 13 თეთრი შეფერილობის ინდივიდი. აქედან 9 (მათ შორის არის ჩვენს მიერ დაფიქსირებული ინდივიდიც) ნაპოვნია შავ ზღვაში.
ინფორმაცია თეთრი ზღვის ღორის შესახებ შესულია დელფინების მონაცემების საერთაშორისო ბაზაში, მის შესახებ გაკეთდა მოხსენება ACCOBAMS (the Agreement on the Conservation of Cetaceans in the Black Sea, Mediterranean Sea and contiguous Atlantic area) სტამბოლში ორგანიზებულ სემინარზე.

შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება

პროექტი - „ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა ეროვნული გეგმის განახლება თემატურ სფეროში: შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება“ - დაფინანსდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მიერ. მომზადებულ 96-გვერდიან დოკუმენტში - “შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება: სიტუაციის ანალიზი“ - შესულია მონაცემები საქართველოს შავიზღვისპირეთის ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის, მასზე მოქმედი საფრთხეების და შესაბამისი საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ.
სემინარებზე - „შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეები“ - მოწვეული იყვნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, აგრეთვე უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.


2012 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა შავი ზღვის კვლევასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი - „შავი ზღვის წყალქვეშა ჰაბიტატების კვლევა და ინდიკატორების დადგენა“, რომელშიც ეკოლოგებთან ერთად ჩართული იყვნენ მკვლევრები საინჟინრო ფაკულტეტიდან და პროფესიონალი მყვინთავები. პროექტი დაფინანსდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მიერ. მის ფარგლებში მოხდა შელფის ზონის ფსკერის სკანირება, აღწერა, რუკების შედგენა, ცოცხალი ორგანიზმების სინჯების შეგროვება. საზღვაო ექსპედიციისთვის გამოყენებული იქნა ილიას უნივერსიტეტის გემი „წმინდა ილია“. ექსპედიციის დროს მიმდინარეობდა წყალქვეშა გადაღებაც (22-25 მეტრის სიღრმეზე). შეგროვებულია საინტერესო ვიოდეომასალა წყალქვეშა ბინადრებზე, განსაკუთრებით შავი ზღვის ინვაზიურ სახეობებზე სავარცხლურებზე: Mnemiopsis leydyi და Beroe ovata, მოლუსკზე Rapana venosa, რომლებიც ცნობილნი არიან შავი ზღვის ეკოსისტემაზე უარყოფითი ზეგავლენით, ამიტომ მათი რაოდენობრივი შეფასება და მონიტორინგი მნიშვნელოვანია შავი ზღვის კვლევისთვის და საფრთხეების მოდელირებისთვის.

ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიის და კონსერვაციის პროგრამა 2011 წლიდან მონაწილეობს ევროკავშირის მე-7 ჩარჩო-პროგრამის მიერ დაფინანსებულ პროექტში „აღმოსავლეთ ევროპისა და ციმბირის მსხვილი ძუძუმწოვრების ბიომრავალფეროვნება პოპულაციების გენეტიკური ვარიაციების დონეზე“, რომელიც სრულდება 2014 წელს. პროექტის ფარგლებში, ილიაუნის პროფესორები ნათია კოპალიანი, ზურაბ გურიელიძე, მარი მურცხვალაძე და მკვლევარი მაია შაქარაშვილი პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ბელოვეჟის ძუძუმწოვართა კვლევის ინსტიტუტში გაეცნენ მსხვილი ძუძუმწოვრების არაინვაზიური კვლევის და მონაცემების სტატისტიკური დამუშავების თანამედროვე მეთოდებს.
პოლონელი პროფესორები და დოქტორანტები, კოლუმბიელი და ნორვეგიელი მკვლევრები ბელოვეჟის ძუძუმწოვართა კვლევის ინსტიტუტიდან ჩამოვიდნენ საქართველოში ილიას უნივერსიტეტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიის და კონსერვაციის პროგრამის მიერ დაგეგმილ ექსპედიციებში მონაწილეობის მისაღებად, რომელთა მიზანი იყო მსხვილი ძუძუმწოვრების საკვანძო სახეობების აღრიცხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღრიცხვის ექსპედიციებში მონაწილეობა მიიღეს მკვლევრებმაც ტარტუს უნივერსიტეტიდან.
BIOGEAST-პროგრამის ფარგლებში, ეკოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი მარი მურცხვალაძე იმყოფებოდა ტარტუს უნივერსიტეტში გენეტიკური კვლევის SNP-მეთოდის შესასწავლად; ამავე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს მგლის, დათვის, ირმის, შვლის, გარეული ღორის, ფოცხვრის სინჯების შეგროვება მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. სინჯების თავმოყრის შემდეგ დაიწყება ერთობლივი კვლევა.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები