ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამა

მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამა

მაღალმთის ეკოსისტემების კვლევა გლობალური მეცნიერული და პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახეობრივი და ეკოსისტემური მრავალფეროვნების, ეკოსისტემების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის, წყლის მენეჯმენტის, გლობალური ცვლილებების (კლიმატის, მიწათსარგებლობის) ეკოლოგიური პერსპექტივების, მთის ლანდშაფტების გამოყენების, ბიოლოგიური რესურსების, ეკოსისტემების დაცვა-აღდგენითი ღონისძიებებისა და მდგრადი მენეჯმენტის, ეკოლოგიური განათლების საკითხებს და სხვ.

“მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამის“ მიზანია საქართველოს მაღალმთის ეკოსისტემების კომპლექსური კვლევა ყველა აქტუალური მიმართულებით:
• მაღალმთის ფლორისა და მცენარეულობის მრავალფეროვნების შესწავლა;
• ეკოსისტემების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის კვლევა;
• მაღალმთის სტრეს-დომინანტური გარემოსადმი მცენარეთა ადაპტაციური სტრატეგიებისა და მექანიზმების შესწავლა;
• გლობალური ცვლილებების (კლიმატის, მიწათსარგებლობის) ეკოლოგიური პერსპექტივების გამოვლენა;
• მთის ლანდშაფტების გამოყენების შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;
• ეკოსისტემების და სახეობების დაცვა-აღდგენითი ღონისძიებებისა და მდგრადი მენეჯმენტის მეცნიერული საფუძვლების შემუშავება;
• ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადება;
• საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებისა და ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა.

პროგრამა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ წმინდა სამეცნიერო საკითხების გადაწყვეტას და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა-მომზადებას, არამედ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალ-ეკონომიკური და კულტურული რესურსების დაცვას, მდგრად გამოყენებას და საჭიროებისამებრ - აღდგენას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილის ინსტიტუტები არსებობს აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, იტალიაში, შვეიცარიაში და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალმთის ეკოსისტემების შესწავლას დიდი ტრადიციები გააჩნია.
საქმიანობა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილ პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციაში: ინსბრუკის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი (ავსტრია), ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია), ბაზელის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი (შვეიცარია), იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია), ბერლინ-დალემის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკური მუზეუმი (გერმანია), ვეიკის ტყის უნივერსიტეტი (ვაიომინგი, აშშ), მისურის ბოტანიკური ბაღი (აშშ), IUCN-The World Conservation Union (შვეიცარია), Global Mountain Biodiversity Assessment – GMBA (შვეიცარია), Global Observation Research Initiative in Alpin Enviroments - GLORIA-EUROPE (ავსტრია).

მიმდინარე კვლევები:
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს რამდენიმე პროექტზე მუშაობა, რომლებშიც უნივერსიტეტის პროფესორებთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრები:
1) „კლიმატის გლობალური ცვლილების ეფექტის დადგენა ცენტრალური კავკასიონის მაღალმთის მცენარეულობაზე“. ევროკავშირის მე-5 ჩარჩო-პროგრამის “ნეთვორქი”, GLORIA-EUROPE (Global Observation Research Initiative in Alpin Enviroments) (ავსტრია) (ხანგრძლივი მონიტორინგი 2001 წლიდან).
2) Sensitive ecosystems of the Central Greater Caucasus. ვადები: 1.05. 2013-30.04. 2014 დონორი: Committee for Research and Exploration of the National Geographic Society.
3) ეკოსისტემების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში. ვადები: 1.06.2013-31.05.2015 დონორი: GIZ.
4) ალპური მცენარეულობის მრავალფეროვნება და ეკოლოგია. 2014 წ. დონორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები