ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები, გამოწვევები“

2017 წლის 17-18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები, გამოწვევები”.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, კომპანია "IOS Partners" და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი.

კონფერენცია მოიცავდა შემდეგ საკითხებს: კონკურენციის პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები; საერთაშორისო ვალდებულებები და თანამშრომლობა კონკურენციის სფეროში; კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები და თანამშრომლობის პროგრამა; კონცენტრაცია და მონოპოლიური ძალაუფლების/დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების პრობლემები; კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში; სახელმწიფო შესყიდვები და კონკურენციის მექანიზმები; სახელმწიფო დახმარება და კონკურენცია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციაზე მიწვეული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა, რომელმაც წაიკითხა მოხსენება: „შეზღუდული კონკურენცია ჯანდაცვის ბაზარზე: გადაწყვეტის გზები“. ნაშრომი გამოქვეყნდა კონფერენციის შრომების კრებულში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017).

ჯანდაცვის ბაზარი თავისი ძირითადი მახასიათებლებით წარმოადგენს არასრულყოფილი კონკურენციის ბაზარს და ხშირად კლასიფიცირდება, როგორც მონოპოლისტური ბაზარი და ოლიგოპოლია. ჯანდაცვის სისტემის შეზღუდულ კონკურენციას თავისი მიზეზები აქვს, კერძოდ, სამედიცინო ბაზარზე შესვლა შეზღუდულია და კონკურენტთა მცირე რაოდენობაა, სამედიცინო ბაზარზე სამედიცინო მომსახურების მიწოდების იერარქიული სისტემის გამო სამედიცინო მომსახურების ბევრ სახეს არ აქვს შემცვლელი, სამედიცინო მომსახურება არაერთგვაროვან პროდუქტს წარმოადგენს.

ჯანდაცვის სისტემის შეზღუდული კონკურენცია ნეგატიურად მოქმედებს არა მარტო სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, არამედ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი სახსრების ეფექტურ ხარჯვაზე. ეს პრობლემა განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც ჯანდაცვისთვის ისედაც მწირი სახსრები გამოიყოფა. შეზღუდული კონკურენციის უარყოფითი ეფექტების გადასაწყვეტად ბევრმა ქვეყანამ სხვადასხვა მეთოდს მიმართა.

ნაშრომში განხილულია ჯანდაცვის სისტემაში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების ორი საყოველთაოდ ცნობილი მექანიზმი: კერძო სამედიცინო დაზღვევის შევსებითი და ჩანაცვლებითი ფორმების როლი უნივერსალურ, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და საავადმყოფოების მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმას შორის კონკურენციის ხელშეწყობა.

ნაშრომის PDF ვერსია http://eprints.iliauni.edu.ge

კონფერენციის შრომების კრებული http://eprints.iliauni.edu.ge/7318/2/წიგნი.pdf

კონფერენციის პროგრამა http://eprints.iliauni.edu.ge/7318/3/Programme.pdf

ბანერები