ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გამოვიდა სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ IV ნომერი

მეოთხე წელია პერიოდულად გამოიცემა ყოველწლიური სამეცნიერო რეცენზრებადი ჟუნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“. წელს გამოვიდა ჟურნალის მეოთხე ნომერი.

ჟურნალის  მიზნებია:

  • ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევების დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში, პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებლის ამაღლება;
  • უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციისა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვის დაჩქარება;
  • საინტერესო იდეებისა და კვლევითი საკითხების მიწოდება დაინტერესებული საზოგადოებისათვის;
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჟურნალში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
  • ჯანდაცვის სოციოლოგია
  • სადაზღვევო საქმე.

ჟურნალის რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა. სარედაქციო საბჭოს წევრები არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

სარედაქციო კოლეგია გამოსაქვეყნებლად ღებულობს მხოლოდ იმ სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებშიც ავტორები საკითხის აქტუალურობას და სფეროს სიახლეებს ასახავენ. ყველა ნაშრომს განიხილავს სარედაქციო კოლეგია. ნაშრომები გადის ბრმა, ორმაგ  რეფერირებას დარგის ექსპერტების მეშვეობით. ექსპერტები ამზადებენ  რეცენზიას. შესაბამისად, თითოეულ პუბლიკაციას მხოლოდ დადებითი რეცენზიის შემთხვევაში ვღებულობთ.

წელს 200-მდე კვლევითი ნაშრომი გამოგზავნეს ავტორებმა. რეფერირების შემდეგ შეირჩა მხოლოდ 15 სტატია. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ქართულ ენაზეა და ახლავს ინგლისურენოვანი აბსტრაქტი.

ჟურნალს აქვს ISSN – საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი. ჟურნალისთვის უკვე შექმნილია საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია და ახალი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ჟურნალი გამოდის როგორც ელექტრონულად, ასევე ნაბეჭდი ვერსიის სახით.  ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ყველასათვის. დაინტერესებულ პირებს ჟურნალის გაცნობა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://heconomic.wordpress.com/health-policy/

ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ჯანდაცვის სოციოლოგია, ჯანდაცვის ეკონომიკა და სადაზღვევო საქმე ქართული მეცნიერების შედარებით ახალი დარგებია. ამ მიმართულებების განვითარებას ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერებისათვის წმინდა მეცნიერულთან ერთად დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს.

იხილეთ ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ PDF ვარიანტი - http://eprints.iliauni.edu.ge/7826/1/Health.pdf

 

ბანერები