სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

უნივერსიტეტთაშორისი იმიტირებული სასამართლო პროცესი კერძო სამართალში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალ იურისტთა პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობით“.

პროექტში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ეს უნივერსიტეტები პროექტის ფარგლებში სამართლის სკოლების/ფაკულტეტების სტუდენტებისთვის აცხადებენ კონკურსში „იმიტირებული სასამართლო პროცესი კერძო სამართალში“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას.

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე განსახილველი კაზუსი დაფუძნებული იქნება შემდეგ საგნებზე: ვალდებულებითი სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი და საკორპორაციო სამართალი.

იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანია პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტთა პრაქტიკული და სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება და სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფები. თითო გუნდი უნდა შედგებოდეს 4 (ოთხი) სტუდენტისგან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული დასახელებული უნივერსიტეტიდან კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ სამ გუნდს (მთლიანად – არა უმეტეს ცხრა გუნდს ყველა უნივერსიტეტიდან). გუნდის მწვრთნელი უნდა იყოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი (სასურველია გუნდის მწვრთნელის რეგისტრაცია გუნდთან ერთად, თუმცა სავალდებულო არ არის). თუ უნივერსიტეტიდან დარეგისტრირებულია ერთზე მეტი გუნდი, მათ შეიძლება ჰყავდეთ საერთო მწვრთნელი.

იმიტირებული სასამართლო პროცესი წარიმართება ქართულად.

გუნდების წერილობით ნამუშევარსა და ზეპირ გამოსვლებს შეაფასებს უნივერსიტეტების მიერ პრაქტიკოსი იურისტებისგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია.


საკონკურსო პრიზები

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული სტუდენტები/სტუდენტთა ჯგუფები დაჯილდოვდებიან სასაჩუქრე ვაუჩერებით.

კონკურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.


კონკურსზე რეგისტრაცია

კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელფოსტაზე: competition2023@iliauni.edu.ge. გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „იმიტირებული სასამართლო პროცესი“.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების სემესტრი, უნივერსიტეტის დასახელება (ასევე, თუ გყავთ მწვრთნელი – მისი სახელი, გვარი და აკადემიური სტატუსი). გაითვალისწინეთ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლების/ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: 

ტელ.: +995 577114522
ელფოსტა: competition2023@iliauni.edu.ge

2023 

ბანერები