საჯარო ლექცია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ქალები”
დისკუსიები
8 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის საჯარო ლექციაზე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ქალები”.
ლექციამდე უნივერსიტეტის B კორპუსში გაიხსნება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ქალების მურალი, შესრულებული მუსია ქებურიას მიერ.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შექმნის დღიდან საქართველოს გასაბჭოებამდე (1879-1921 წლები) 2273 ქალი იყო გაწევრიანებული. საზოგადოების წევრი ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნების, მართვისა და, ზოგადად, საქმიანობაში.
მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის ქართველი განმანათლებლების ძირითად ბირთვს ამ დიდ ნაციონალურ პროექტში სწორედ ქალები წარმოადგენდნენ, ამ მოდელში განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართულენოვანი სკოლების დაარსება და მთავარი საყრდენის – სკოლებისა და ბიბლიოთეკების – მამოძრავებელი ძალა ძირითადად ქალები იყვნენ.
მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში იქმნება ქალთა ლიგა, 1917-1918 წლებში გამოდის ყოველკვირეული გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“. 1918 წელს ქალები საქართველოში იღებენ საარჩევნო უფლებას და დამფუძნებელთა კრების წევრები ხდებიან. პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ ტიფლისის მაზრის ერობის წევრი ყარაჯალიდან, ფარი-ხანუმ სუფიევა ხდება პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი მსოფლიოში.
საჯარო ლექციის შემდეგ დისკუსიაზე მიმოვიხილავთ პოლიტიკური საზოგადოებისა და სახელმწიფოებრივი იდენტობის ფორმირების ამ უაღრესად საინტერესო პროცესში ქალების მონაწილეობას. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს - თამარ გურჩიანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.
დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 8 დეკემბრამდე მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/yj2wmrrp
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 8 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ოთახი B201, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
2022 წელი