სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკის წარმომადგენლების მონაწილეობა იურიდიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაში

ახალი ამბები

22-27 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის წარმომადგენლები – თამარ გურჩიანი, ნატო მირზაშვილი, მანუჩარ ცეცხლაძე და თამარ ჩხიკვაძე – მონაწილეობდნენ იურიდიული განათლების გლობალური კავშირის (Global Alliance for Justice Education – GAJE) მე-12 და კლინიკური იურიდიული განათლების ევროპული ქსელის (European Network for Clinical Legal Education – ENCLE) მე-11 საერთაშორისო კონფერენციაში ლაზარსკის უნივერსიტეტში, ქალაქ ვარშავაში (პოლონეთი).

კონფერენცია „იურიდიული განათლება ცვალებად მსოფლიოში – გლობალური გამოწვევების საპასუხო ახალი მიდგომების შესწავლა“ მიეძღვნა თანამედროვე იურიდიული განათლებისა და კლინიკური სწავლების გამოწვევებსა და ინოვაციურ პრაქტიკებს.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკა კლინიკური იურიდიული განათლების ევროპული ქსელის (ENCLE) წევრია, რაც მას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აქტიურობისა და საქმიანობაში თანამონაწილეობის საშუალებას აძლევს.

კონფერენციაზე ადამიანის უფლებათა კლინიკის წარმომადგენლებმა გამართეს ინტერაქციული ვორკშოპი თემაზე „ემპათიის რუკის შედგენა“, რომლის მიზანი იყო აუდიტორიის ჩართვა დისკრიმინაციის საქმეთა ანალიზში.
მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებათა კლინიკის მიერ წარმოებულ კონკრეტულ ქეისებზე და შეიმუშავეს ემპათიის რუკები, როგორც იურიდიული კლინიკური სწავლების ერთ-ერთი მეთოდური კომპონენტი.

მონაწილეობა მიიღეს ტრენერთა ტრეინინგში (Training of Trainers – ToT) და დაესწრნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იურიდიული კლინიკების წარმომადგენელთა პარალელურ სესიებს,  რამაც შესაძლებელი გახადა ცოდნის, გამოცდილებისა და ხედვების გაცვლა იურიდიული განათლების სფეროში.

კონფერენციის ორგანიზატორები: Global Alliance for Justice Education, European Network for Clinical Legal Education, Uczelnia Łazarskiego

2025

ბანერები