სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა განცხადება

ახალი ამბები

უმაღლესი განათლების დაგეგმილი რეფორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცული აკადემიური თავისუფლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიის კონსტიტუციურ გარანტიას, არღვევს განათლების უფლებას, ხელს უშლის უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს, ანგრევს საუნივერსიტეტო სწავლებას კონკრეტულ დარგებში, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, მიღწეულ შედეგებს, სპობს ჯანსაღ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს სწავლებისა და კვლევის ხარისხს. ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ განაცხადა 11 დეკემბერს, ე.წ. რეფორმის კონცეფციისა და პირველი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ (https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicDepartments/samartlis-skola-654/siaxleebi-655/ilias-saxelmwifo-universitetis-samartlis-skolis-profesor-maswavlebelta-gancxadeba.page ).

აღნიშნული საჯარო განცხადება განსახილველად ასევე გაეგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს. განცხადებას რეაგირება არ მოჰყვა, არც თანამშრომლობასა და პროცესში მონაწილეობაზე მიგვიღია შემოთავაზება. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის 12 თებერვლის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2026-2027 სასწავლო წლიდან სტუდენტების მიღებას ვერ შეძლებს. ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად, საკითხის სათანადო განხილვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობისა და სამართლის სკოლასთან კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული, რაც უნივერსიტეტის ავტონომიაში გაუმართლებელი, კონსტიტუციის მოთხოვნებთან შეუთავსებელი ჩარევის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ქვეყანაში ერთ-ერთ მოწინავე, კონკურენტუნარიანი და მუდმივად მზარდია. ამ თვალსაზრისით მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე გავამახვილებთ ყურადღებას: სამართლის სკოლის აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამები შინაარსით უნიკალურია და მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება, ხოლო სადოქტორო პროგრამამ 2025 წელს მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე; სამართლის სკოლაში სწავლობს დაახლოებით 3000 სტუდენტი; საკმაოდ მაღალია კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი; ჩვენი სკოლის სტუდენტები და სტუდენტური გუნდები საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში უკვე მეორედ გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ, ფილიპ ჯესაპის იმიტირებულ პროცესში; სამართლის სკოლა გამოსცემს საერთაშორისოდ რეფერირებულ საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალს, რომელიც ხელს უწყობს აკადემიურ დისკუსიას საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებზე;

ასევე, 2008 წლიდან სკოლაში მოქმედებს კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი და ქართველი პროფესორების მონაწილეობით ხორციელდებოდა და ჰყავს ასობით კურსდამთავრებული როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის დაწყების შემდეგ, მიუხედავად დაანონსებული ცვლილებებისა, სკოლის პოპულარობისა და პროგრამებით დაინტერესების გამო ამ სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობით 77 სტუდენტი გადმოვიდა.

მიგვაჩნია, რომ ე.წ. რეფორმა სრულიად დაუსაბუთებელი და გაუაზრებელია, მას მოჰყვება განათლების ხარისხის დაქვეითება, განპირობებული პოლიტიკური ინტერესით. მაგალითად, ის გარემოება, რომ სადოქტორო პროგრამამ 2025 წელს მიიღო აკრედიტაცია, რამდენიმე თვეში კი მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამართლის მიმართულებით ილიაუნიში სტუდენტების მიღების გაუქმების შესახებ, ნათლად მიუთითებს ამ გადაწყვეტილების არათანმიმდევრულობასა და პოლიტიკურ ხასიათზე. ე.წ. რეფორმა არის უნივერსიტეტზე კონტროლის დამკვიდრების მცდელობა, ამდენად ანტიკონსტიტუციურია. ამიტომ მოვითხოვთ მის შეჩერებას!

მივიჩნევთ, რომ დღეს აკადემიურ საზოგადოებას მართებს ერთიანობა, რათა დაუპირისპირდეს უმაღლესი განათლების სფეროში ე.წ. რეფორმის თანმდევ უმძიმეს გამოწვევებს და დაიცვას განათლების კონსტიტუციური უფლება.

2026

ბანერები