საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს მტკნარი წყლის თევზების მრავალფეროვნების პირველი მოლეკულურ-გენეტიკური შეფასება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა პროგრამის დოქტორანტის, ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის, გიორგი ეპიტაშვილის, ილიაუნის პროფესორების, ლევან მუმლაძისა და ბელა ჯაფოშვილის და გერმანელი კოლეგების თანაავტორობით გამოქვეყნდა სტატია Biodiversity Data Journal-ში.

საქართველოს მტკნარი წყლის თევზების მრავალფეროვნების პირველი მოლეკულურ-გენეტიკური შეფასება

კვლევაში საქართველოს მტკნარი წყლის თევზების მრავალფეროვნების პირველი მოლეკულური შეფასებაა მოცემული. საველე კოლექციების გარდა, გაანალიზებულია დნმ ბარკოდების მონაცემები, რომლებიც მიღებული იქნა აღნიშნული კვლევის ფარგლებში და აგრეთვე საერთაშორისო მონაცემთა ბაზებიდან, როგორიცაა: BOLD და NCBI GenBank.
ამჟამად დნმ ბარკოდების ბაზაში, საქართველოს მტკნარი წყლის თევზებზე არსებობს 352 ბარკოდი, რომელიც მოიცავს 50 სახეობას, 36 გვარს და 15 ოჯახს (საქართველოს მტკნარი წყლის თევზების მრავალფეროვნების 52 %), საიდანაც 41 სახეობის 162 დნმ ბარკოდი მიღებული იქნა ამ კვლევის ფარგლებში. სულ 22 სახეობა იქნა დაფიქსირებული კასპიის ზღვის აუზიდან, ხოლო 31 სახეობა - შავი ზღვის აუზიდან. შესწავლილ ტაქსონებს შორის 7 სახეობა აღმოჩნდა ისეთი, რომლებსაც 2 % -ზე მეტი ჰქონდათ შიდასახეობრივი განსხვავებები, მაშინ, როდესაც ჩვენს მონაცემებში 11 სახეობას ჰქონდა შედარებით მსგავსი დნმ ბარკოდები (<2). კვლევის ფარგლებში აღმოჩენილ იქნა საქართველოსთვის ახალი სახეობა - ევრაზიული ქორჭილა - Gymnocephalus cernua (Linnaeus, 1758) და აგრეთვე დადასტურდა ახალი ინვაზიური სახეობის, ამურის ღორჯოს - Rhinogobius lindbergi (Berg, 1933) არსებობა საქართველოს შიდა წყალსატევებში. საქართველოს თევზებისთვის ამჟამად არსებული და ხელმისაწვდომი ბარკოდების შეფასების საფუძველზე, გამოყოფილია ძირითადი ხარვეზები, რაც არსებობს ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა მყარ საფუძველს ქმნის დნმ-ზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების შეფასებისა და მონიტორინგისთვის, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, რათა ახლახან დაწყებული CaBOL (კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების) პროექტის ფარგლებში მოხდეს დამატებითი მასალის მოპოვება იმ სახეობებისთვის, რომლებსაც ჯერჯერობით დნმ ბარკოდები არ გააჩნიათ.

https://bdj.pensoft.net/article/57862/
https://doi.org/10.3897/BDJ.8.e57862

ბანერები