პროექტი BlackNETs "Exorcising the BLACK Sea’S Silent Killers" (Interreg VI-B) NEXT Black Sea Basin Programme/E)
ახალი ამბები
ბოლო წლებში ზღვის ეკოსისტემების მზარდი პრობლემაა სეინერებს ან სათევზაო ნავებს მოწყვეტილი ან დაკარგული თევზსაჭერი ბადეები. ისინი ფსკერზე ეშვება, შიგ გროვდება ზღვაში არსებული ნაგავი და შედეგად იქმნება „წყალქვეშა ნაგავსაყრელები“. გარდა ამისა, ბადეებში იხლართებიან ზღვის ორგანიზმები (თევზები, ფრინველები, დელფინები და სხვ.) და იხოცებიან. დაკარგულ ბადეებს ბადე-მოჩვენებებსაც უწოდებენ. ბადის დაკარგვა მეთევზეებისთვისაც სერიოზული ზარალია, ამიტომ ბევრ ქვეყანაში დაიწყეს პრობლემის შესწავლა და მისი გადაჭრის გზების ძებნა.
შავი ზღვის ეკოსისტემაში „მოჩვენება“ ბადეებისა და მათი გავლენის საკვლევად შემუშავდა პროექტი „შავი ზღვის ჩუმი მკვლელების განადგურება“ (BlackNETs “Exorcising the BLACK Sea’S Silent Killers”), რომელიც მიზნად ისახავს მიტოვებული, შემთხვევით დაკარგული ან გადაგდებული სათევზაო ხელსაწყოების ზემოქმედების რაოდენობრივ განსაზღვრას და მინიმუმამდე შემცირებას შავი ზღვის გარემოზე.
პროექტს კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია რუმინეთიდან Mare Nostrum, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია იკვლევს შავი ზღვის ეკოსისტემაზე მოქმედ საფრთხეებს. პროექტში მონაწილეობენ თურქეთის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი დაფინანსებულია პროგრამის - Interreg NEXT Black Sea Basin მიერ ევროპის კავშირის თანადაფინანსების საფუძველზე, პროექტის ხანგძლივობა არის 18 თვე, რომლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგებს 456,660.26 ევროს.
პროექტის „შავი ზღვის ჩუმი მკვლელების განადგურება“ ფარგლებში დაგეგმილია თითოეული ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მოწყვეტილი ბადეების მოძებნა, დაახლოებით 2 ტონა ბადის ფსკერიდან ამოღება შავი ზღვის გარემოზე მათი გავლენის შესამცირებლად; ბადეებში არსებული ორგანიზმების აღწერა, მეთევზეთა გამოკითხვა, სად და რა პირობებში კარგავენ ბადეებს და „მოჩვენება“ ბადეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაში.
სექტემბერში შედგა პირველი საზღვაო გასვლა, შემოწმდა რამდენიმე ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო მოწყვეტილი ბადეების პოვნა. ერთ წერტილში, დაახლოებით 24 მეტრის სიღრმეზე, მართლაც აღმოჩნდა ასეთი ბადე, რომელიც იწონის1500 კგ-ს (ფოტო 1). ბადეში უკვე დაწყებულია ნაგვის დაგროვება. აქ იმალებოდნენ შავი ზღვის შხამიანი თევზი ჩიქვი (Scorpaena porcus), იგივე სკორპენა (ფოტო 1), მოძრაობდნენ ხონთქარა თევზები (Mullus barbatus) (ფოტო 2), მერცხალა თევზები (Chromis chromis) და სხვ.
ბადის ამოღება დაგეგმილია გაზაფხულზე სპეციალური მოწყობილობების დახმარებით.
2024
გალერეა