


ილიაუნის კვლევითი ტივტივა შავ ზღვაში
ახალი ამბები
29 აპრილს პროგრამის Interreg NEXT Black Sea Basin მიერ დაფინანსებული პროექტის “Establishing and Operating an Innovative Marine Technology Transfer Network for Enhancing the Transition to a Sustainable Blue Economy in the Black Sea Basin (EfxINNOs)“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით განათავსა კვლევითი ტივტივა შავ ზღვაში, ფოთის პორტის განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კოორდინაციას უწევს პროფესორი ქეთევან კუპატაძე.
ტივტივა აღჭურვილია თანამედროვე საზღვაო სენსორებით და აფიქსირებს გარემოს მონიტორინგისთვის მნიშვნელოვან მონაცემებს, მათ შორის:
- წყლის ტემპერატურას
- სიმღვრივეს
- გამტარობას
- ქლოროფილის კონცენტრაციას
- ჟანგბადის კონცენტრაციას
- ჟანგბადით გაჯერებას
- ჟანგბადზე ბიოლოგიურ მოთხოვნილებას (BOD)
მონაცემების შეგროვება უკვე დაწყებულია, რაც კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მიღებული ინფორმაციით მკვლევრები შეძლებენ შავი ზღვის ეკოსისტემის პროცესების სიღრმისეულ ანალიზს და გარემოზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
პროექტის EfxINNOs მიზანია შავი ზღვის რეგიონში ლურჯი ეკონომიკის მდგრადი განვითარება, ასევე პარტნიორებთან ერთად საზღვაო მონიტორინგის ეფექტური, ტექნოლოგიურად განვითარებული მდგრადი პლატფორმების ქსელის შექმნა.
ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და საქართველოს ორგანიზაციების პარტნიორობა პროექტში ემსახურება რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზღვაო ინოვაციების ხელშეწყობას.
პროექტი ხორციელდება პროგრამის Interreg NEXT Black Sea Basin მიერ, ევროკავშირის თანადაფინანსებით. საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1,643,648.40 ევროს.
პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად შავი ზღვის აუზისთვის. აერთიანებს მეცნიერულ ინოვაციებს, განათლებისა და გარემოსდაცვით მიზნებს და ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის.
2025
გალერეა