ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025 წლის ევროპული ჰერპეტოლოგიური საზოგადოების კონგრესზე
ახალი ამბები
8-12 სექტემბერს ქალაქ ბონში (გერმანია) გაიმართა ევროპული ჰერპეტოლოგიური საზოგადოების (Societas Europaea Herpetologica) კონგრესი, რომლის ორგანიზატორი იყო ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილების კვლევითი ინსტიტუტი. ღონისძიებაში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰერპეტოლოგთა სამუშაო ჯგუფი.
კონგრესზე ილიაუნის მკვლევრებმა წარმოადგინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი:
- პროფესორმა დავით თარხნიშვილმა პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა კავკასიის კლდის ხვლიკების ევოლუციის შესახებ კვლევა, რომელიც ჟურნალ Evolution-ში გამოქვეყნდა.
- დოქტორმა ნათია ბარათელმა ისაუბრა პართენოგენეზული ხვლიკების სასიცოცხლო სტრატეგიებზე.
- დოქტორანტმა მარიამ თოდუამ წარადგინა პოსტერის კვლევა უსქესო და სქესობრივი გამრავლების მქონე ხვლიკების მიკრობული ფაუნის შესახებ.
- დოქტორანტმა გიორგი იანქოშვილმა დამსწრეთ გააცნო კვლევა სოციალური ქსელების გამოყენებით გველების არეალის დაზუსტების შესახებ.
ნაშრომი შეფასდა როგორც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა წითელი ნუსხის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფის მიმართულებით.
ილიაუნის მკვლევართა აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში განსაკუთრებულად აღინიშნა კონგრესზე. პროფესორი დავით თარხნიშვილი კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის წევრად, ხოლო ილიაუნის კურსდამთავრებული, ამჟამად ასისტენტ-პროფესორი და ბონის ინსტიტუტის დოქტორანტი მარიამ გაბელაია კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად აირჩიეს.
მნიშვნელოვანია, რომ 2027 წელს ევროპის ჰერპეტოლოგთა კონგრესს თბილისში უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ევროპული ჰერპეტოლოგიური საზოგადოება (Societas Europaea Herpetologica) ერთ-ერთი უძველესი საერთოევროპული სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანია ქვეწარმავლებისა და ამფიბიების – ბაყაყების, სალამანდრების, კუების, ხვლიკების, გველებისა და ნიანგების – შესწავლა და დაცვა.
საზოგადოება ორ წელიწადში ერთხელ მართავს საერთაშორისო კონგრესს, რომელზეც იკრიბებიან როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მეცნიერები. კონგრესზე წარდგენილი კვლევები მოიცავს ქვეწარმავლებისა და ამფიბიების ეკოლოგიას, სისტემატიკასა და ევოლუციას, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში აღმოჩენილ ახალ სახეობებს, განიხილება მათი გავრცელების არეალების დაზუსტების შედეგები და მოწყვლადი სახეობების დაცვის გეგმები.
2025
გალერეა