ემერიტუს პროფესორ მაიკლ ლედერმანის საჯარო ლექცია „პანდემიური ინფექციის პათოგენეზის დისექცია“
ღონისძიებები
8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ქეის ვესტერნ რესერვ უნივერსიტეტისა (Case Western Reserve University) და კლივლენდის სამედიცინო ცენტრის (Cleveland Medical Center) ემერიტუს პროფესორი მაიკლ ლედერმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პანდემიური ინფექციის პათოგენეზის დისექცია“.
მომხსენებელი განიხილავს იმ მექანიზმებს, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ იჭრება ადამიანის ორგანიზმში პათოგენი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მაგალითზე, ასევე იმუნური სისტემის იმ თავისებურებებს, რომლებიც განაპირობებს ზოგიერთი ადამიანის დაცვას; განმარტავს, იმუნური სისტემა რატომ მარცხდება ზოგიერთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ინფექცია ეფექტურად და არაეფექტურად იქნეს აღკვეთილი და როგორია ამ ცოდნის გამოყენების სამომავლო შესაძლებლობები.
მომხსენებლის შესახებ
მაიკლ ლედერმანი (ემერიტუსი) Case Western Reserve უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების/ კლივლენდის სამედიცინო ცენტრის მედიცინის ემერიტუს პროფესორი და პათოლოგიის, მიკრობიოლოგიის/მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოსამედიცინო ეთიკის პროფესორია. სამედიცინო ხარისხი მიენიჭა Mt. Sinai-ის მედიცინის სკოლაში; გაიარა ტრენინგი შინაგანი მედიცინის მიმართულებით Case Western Reserve University-ში, კლივლენდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებსა და VA სამედიცინო ცენტრში. მან დაასრულა ინფექციური დაავადებების სასტიპენდიო ტრენინგი, დოქტორ ჯეროლდ ელნერის ლაბორატორიაში უჯრედულ იმუნოლოგიაში დაიცვა დისერტაცია და 1980 წელს შეუერთდა CWRU ფაკულტეტს. პროფ. ლედერმანი 1982 წლიდან ჩართულია აივ/შიდსის კვლევაში. მისი კვლევა ეხება იმ მექანიზმებს, რომლებითაც აივინფექცია იწვევს იმუნურ დისფუნქციას და მისი გამოსწორებისა და პრევენციის სტრატეგიებს. 1985 წელს დააარსა იმუნოლოგიის სპეციალური განყოფილება (აივ კლინიკა) CWRU-ში, 1987 წელს კი – NIH დაფინანსებული შიდსის კლინიკური კვლევების განყოფილება CWRU-ში. ავტორია 450-ზე მეტი რეცენზირებული კვლევის პუბლიკაციისა. იგი არჩეულია ამერიკელ ექიმთა ასოციაციაში (AAP), არის მეცნიერების განვითარების ამერიკული აკადემიის (AAAS), მიკრობიოლოგიის ამერიკული აკადემიისა და ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების (IDSA) წევრი, ასევე ჟურნალის Pathogens and Immunity მთავარი რედაქტორი.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 8 ოქტომბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2024