საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

EfxINNOs პროექტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის გასვლა ქერქეჭელასთან

ახალი ამბები

30 ივლისს Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის დაფინანსებული პროექტის „შავი ზღვის აუზში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის შექმნის და გაძლიერების მიზნით საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემის ინოვაციური ქსელის დაფუძნება და ოპერირება“ (“Establishing and Operating an Innovative Marine Technology Transfer Network for Enhancing the Transition to a Sustainable Blue Economy in the Black Sea Basin − EfxINNOs”) ფარგლებში ფოთის პორტის ტერიტორიაზე ზღვაში ჩადგმულ ქერქეჭელასთან პროექტის სამუშაო ჯგუფი გავიდა.

ჯგუფის წევრები:

პროექტის სამეცნიერო კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის  ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე, ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი, ახალგაზრდა მკვლევარი თამარ ედიშერაშვილი და ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო ტექნიკის მომსახურების სამსახურის უფროსი  მამუკა მოდებაძე, პროექტის კოორდინატორის ტექნიკური ასისტენტი ერდალ დემირტაშ.

ქერქეჭელას სენსორები  ზომავენ:

  • წყლის ტემპერატურას
  • სიმღვრივეს
  • გამტარობას
  • ქლოროფილის კონცენტრაციას
  • ჟანგბადის კონცენტრაციას
  • ჟანგბადით გაჯერებას

სამუშაო გასვლის მიზანი იყო:

  1. ქერქეჭელას სენსორების გაწმენდა. ზაფხულში, როდესაც ტემპერატურის  რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია, ზღვაში მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდება და სენსორებზე და მათ დამფარავ მილებზე კოლონიების სახით ილექება, რაც მცდარი მონაცემების ალბათობას ზრდის და სენსორის მწყობრიდან გამოსვლას იწვევს. რეგულარული წმენდა, განსაკუთრებით სიცხეში, ძალიან მნივშნელოვანია.
  2. სენსორების დამცავი მილის შეცვლა ახალი დიზაინით. კომპანია METRICA-მ შეიმუშავა ახალი მილი, რომელიც უფრო მეტად იცავს სენსორის თავებს მზისგან არეკლილი შუქისგან და ქლოროფილის სენსორს უფრო ზუსტი გაზომვის შესაძლებლობას აძლევს.
  3. ჯგუფის წევრებმა ქერქეჭელასთან ჩადგეს ალუმინის „ანოდი“ მიმდინარე ჟანგვის პროცესის მაქსიმალურად შესანელებლად. ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგან აპარატის ქვედა ნაწილის სქელ ჯაჭვს არ აქვს შეხება ჰაერთან, თუმცა „ანოდით“ უფრო მეტად იქნება დაცული.
  4. ქერქეჭელას ძველი სტიკერის პარალელურად მიეკრა პროექტის ფარგლებში დამზადებული განახლებული დიზაინის სტიკერი, რომელიც სრულად ასახავს პროექტის ძირითად ინფორმაციას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით გემზე განთავსდა ლიფლეტები.
  5. სამუშაო პროცესის დროს ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ ბავშვებს, რომლებიც ტერიტორიაზე ცურავენ, აუხსნეს ქერქეჭელას დანიშნულება და მიზანი. დაპირდნენ, რომ უფრო ვრცელ ინფორმაციას მათ სკოლებში ვიზიტისას გააცნობენ.
  6. ჯგუფის წევრებმა აიღეს ზღვის წყლის სინჯები ლაბორატორიაში კვლევისთვის და კალიბრაციისთვის. დღევანდელი მდგომარეობით ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

პროექტის EfxINNOs მიზანია შავი ზღვის აუზში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის ხელშეწყობა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საზღვაო მონიტორინგის ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმების ქსელის ჩამოყალიბება. პროექტში მონაწილეობენ ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციები. თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერებასა და საზღვაო ინოვაციების დანერგვას.

პროექტი დაფინანსებულია Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის მიერ, ევროკავშირის თანადაფინანსებით. საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1,643,648.40 ევროს.

პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისათვის – ის აერთიანებს მეცნიერულ პროგრესს, საგანმანათლებლო პროცესს და გარემოსდაცვით მიდგომებს ერთიან სტრატეგიაში, რომელიც ლურჯი ეკონომიკის მდგრად განვითარებას ემსახურება.

 

2025

ბანერები