„ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობისა და დაავადებების დროს“ – დოქტორ ვლადიმირ პარპურას საჯარო ლექცია
ღონისძიებები
8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ჯეჯანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტის ტრანსლაციური ნეირომეცნიერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ვლადიმირ პარპურა წაიკითხავს საჯარო ლექციას „ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობისა და დაავადებების დროს“.
მომხსენებელი ლექციაზე მოიყვანს მონაცემებს ტვინის გლიური უჯრედების ერთ-ერთი სუბტიპის, ასტროციტების, მიერ გამოყოფილი ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის შესახებ, ისაუბრებს, როგორ რეგულირდება გამოყოფა. განიხილავს ასტროციტებში გლუტამატის გამოყოფის განმაპირობებელი ვეზიკულური შერწყმის სივრცობრივ-დროებით მახასიათებლებს, ასევე წარმოადგენს ტრანსლაციურ პროექტს, როგორ შეიძლება გლუტამატის გამოყოფის ამ გზის რეგულაცია გამოყენებულ იქნეს ასტროციტომა IV-ის (სხვა სახელწოდება გლიობლასტომა მულტიფორმა IV), ტვინის ყველაზე მძიმე სიმსივნის, სამკურნალოდ.
მომხსენებლის შესახებ
ვლადიმირ პარპურა მედიცინის (ზაგრები, 1989) და ნეირომეცნიერებებისა და ზოოლოგიის ფილოსოფიის დოქტორია (აიოვას უნივერსიტეტი, აშშ, 1993). მუშაობდა აიოვას, ალაბამის, კალიფორნიისა და ხორვატიის რიეკის უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტზე. ამჟამად ჯეჯანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტის ტრანსლაციური ნეირომეცნიერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (ჰანგჯოუ, ჩინეთი) დირექტორია.
იგი არის არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატი. 2021 წელს მის პატივსაცემად გამოიცა Journal Neurochemical Research-ის სპეციალური ნომერი.
დოქტორმა პარპურამ აღმოაჩინა ასტროციტებიდან ნეირონებზე გლუტამატის მოქმედების სასიგნალო გზა, ე.წ. გლიოტრანსმისია, ჩამოაყალიბა სამკომპონენტიანი სინაფსის ინოვაციური კონცეფცია. მისი კვლევები ნანომეცნიერების/ნანოტექნოლოგიების, ნეიროქიმიის, სინთეზური ბიოლოგიისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიჯნაზეა.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 8 ოქტომბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2024