საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოყენებითი გენეტიკა

გამოყენებითი გენეტიკა

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი გამოყენებით გენეტიკაში

მოკლე აღწერა:

ამჟამად კერძო და საჯარო სექტორში მზარდი მოთხოვნილებაა კვალიფიციურ პროფესიონალებზე გამოყენებითი გენეტიკის დარგში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი რეგიონული ლიდერია გენეტიკურ კვლევებში, მათ შორის, კვლევებში, რომლებიც დნმ-ის პირდაპირ ანალიზს ემყარება, გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას კვალიფიკაციით – მეცნიერების მაგისტრი გამოყენებით გენეტიკაში. პროგრამას ემსახურება უნივერსიტეტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია. პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები პოპულაციური და ევოლუციური გენეტიკის, მიკრობიოლოგიის, ბიოქიმიის და სხვა დარგებში. სტუდენტებს ვთავაზობთ არჩევითი საგნების ფართო სპექტრს, რომელთა შორისაა GIS მოდელირება, ველური ბუნების კონსერვაცია და ა.შ. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებულ გაცვლით პროგრამაში (Erasmus +).

სალექციო კურსები (რომლებიც მოიცავს ლექციებს, სემინარებსა და ლაბორატორიულ კურსებს) დაეხმარება სტუდენტს, მიიღოს საჭირო ტექნიკური თუ სამეცნიერო ცოდნა და განივითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოყენებითი გენეტიკის თანამედროვე მეთოდებში. ყოველივე ეს აუცილებელია მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური ექსპერტების ახალი თაობის აღსაზრდელად, რომელსაც ექნება მსოფლიო დონის კვლევის, ექსპერტიზის ჩატარების, ცოდნის დაგროვებისა და ამ ცოდნის გადაცემის უნარი აკადემიურ, მმართველ, საწარმოო სფეროებსა და საზოგადოებაში.

ორწლიანი ინტერდისციპლინური კურსები ღიაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მფლობელებისა და იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ განათლება მართვის, სოციალურ და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დარგებში. კურსების  ნაწილს ინგლისურ ენაზე კითხულობენ ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები, ამიტომ მომავალი სტუდენტებისგან ველით ინგლისური ენის თუნდაც საბაზისო დონეზე ცოდნას. სტუდენტმა უნდა გაიგოს ინგლისურენოვანი ლექციები და იმუშაოს ინგლისურენოვან ლიტერატურაზე.

დასაქმების სფეროები:

გამოყენებით გენეტიკაში მეცნიერებების მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • ეპიდემიოლოგიურ, ფარმაცევტულ, კრიმინალისტურ, დაავადებათა კონტროლის ან სხვა ლაბორატორიაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა;
  • სამთავრობო, არასამთავრობო ან კერძო დაწესებულებაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა –  სოფლის მეურნეობის, კონსერვაციული ბიოლოგიის ან ეკოლოგიის დარგში;
  • კვლევით დაწესებულებებში – უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებში, საბუნებისმეტყველო მუზეუმში საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები