საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მინერალური რესურსებისა და ენერგეტიკის მართვა და მდგრადი განვითარება

მინერალური რესურსებისა და ენერგეტიკის მართვა და მდგრადი განვითარება

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • ენერგეტიკის მენეჯმენტის მაგისტრი
  • სამთო საქმისა და გეოლოგიის მენეჯმენტის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება და ბუნებრივი რესურსების ათვისება მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი მიმართულებაა. საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებით. ქვეყანაში ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების და ენერგოეფექტურობის გაზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ამ მიმართულებით საქართველოში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებს მოითხოვს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოში პირველად, გთავაზობთ ორმოდულიან პროგრამას – „მინერალური რესურსებისა და ენერგეტიკის მართვა და მდგრადი განვითარება“ – მისანიჭებელი ორი კვალიფიკაციით:

  • ენერგეტიკის მენეჯმენტის მაგისტრი“
  • „სამთო საქმისა და გეოლოგიის მენეჯმენტის მაგისტრი“.

პროგრამა შეიქმნა დარგში მომუშავე საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც პარალელურად აქტიურად მუშაობენ კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორებში. პროგრამაში გათვალისწინებულია პრაქტიკული საქმიანობის კომპონენტი, რომლის დროსაც სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი საგნები სტუდენტს მისცემს ენერგეტიკის ან მინერალური რესურსების მენეჯმენტის დარგში ახალი თაობის ლიდერებისა და მენეჯერებისათვის აუცილებელ ტექნიკურ თუ სამეცნიერო ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, მათ შორის:

ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებისას რესურსების გამოყენების მდგრადობის, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების უნარს;

დარგის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ტენდენციების, საქართველოში დანერგვა-ადაპტაციისა და საქართველოს ეკონომიკურ, სამართლებრივ და ეკოლოგიურ და რესურსულ პირობებთან შეხამების უნარს;

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტექნოლოგიური წინსვლისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საჭიროებების შეფასებისა და მათი გადაჭრის ეფექტური გზების მოძიების უნარს.

ორწლიანი ინტერდისციპლინარული კურსები ღიაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მფლობელებისა და იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიის მიმართულებისა და ეკონომიკის დარგში. აგრეთვე, სასურველია, აპლიკანტს ჰქონდეს საჯარო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში/ბიზნესის სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სტუდენტი  სასწავლო კურსებში აგროვებს 90 კრედიტს სამი სემესტრის განმავლობაში, ხოლო მე-4 სემესტრში მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე (24 კრედიტი) და, პარალელურად, გადის პრაქტიკას (6 კრედიტი) წინასწარ შერჩეულ ორგანიზაციაში.

დასაქმების სფეროები:

პროგრამის ორივე მიმართულებას ჰყავს პოტენციური დამსაქმებლები საჯარო, კერძო, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორებში, კერძოდ:

  • სახელისუფლებო და სამთავრობო სტრუქტურებში: პარლამენტი, ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკის და სხვა სამინისტროები, სააგენტოები, კომისიები (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ნავთობისა და გაზის სააგენტო, გარემოს დაცვის სააგენტო) და სხვ.;
  • ენერგეტიკული პროექტების დეველოპერებში;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებში;
  • სამეცნიერო-კვლევითსა და სასწავლო დაწესებულებებში;
  • ენერგეტიკასა და/ან მინერალურ რესურსებთან დაკავშირებულ კერძო და სახელმწიფო კომპანიებში (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ნავთობის და გაზის კორპორაცია, „თელასი“, „ენერგო-პრო“, „სოკარი“, „ბი-პი“, „არემჯი“, „ჯორჯიან მანგანეზი“ და სხვა.)
  • ენერგეტიკის მენეჯმენტის ან სამთო საქმისა და გეოლოგიის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებმა შეიძლება დაიკავონ პოზიციები კერძო სექტორის მართვის სხვადასხვა დონეზე.

პროგრამის მხარდამჭერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
  • ნავთობისა და გაზის კორპორაცია;
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების უწყებათშორისი კომისია);
  • ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG);
  • ენერგოეფექტურობის ცენტრი;
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  • კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფი“ (CMG).

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები