საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკოლოგია

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები: ეკოლოგია

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკოლოგიის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

ეკოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა. საქართველოში სადღეისოდ არაა საკმარისი მაღალკვალიფიცირებული მეცნიერი ეკოლოგები, რომელთა საქმიანობა ჩვენ ქვეყანას ძალიან გამოადგებოდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონული ლიდერია სამეცნიერო კვლევებში ეკოლოგიის და ბიომრავალფეროვნების სფეროში, გთავაზობთ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამას კვალიფიკაციით - ეკოლოგიის მაგისტრი. პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები ბოტანიკის, ზოოლოგიის, ევოლუციური და პოპულაციური ბიოლოგიის, GIS გამოყენების, ეკოლოგიური მოდელირების, სახეობათა კონსერვაციის და მრავალ სხვა რელევანტურ სამეცნიერო დარგში. სტუდენტებს ვთავაზობთ არჩევითი საგნების ფართო სპექტრს.

სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებულ გაცვლით პროგრამაში (Erasmus +).

სალექციო კურსები (რომლებიც მოიცავს ლექციებს, სემინარებსა და საველე პრაქტიკას) დაეხმარება სტუდენტს, მიიღოს საჭირო ტექნიკური თუ სამეცნიერო ცოდნა და განივითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ყოველივე ეს აუცილებელია ეკოლოგების ახალი თაობის აღსაზრდელად, რომელსაც ექნება დაგეგმვის, ზედამხედველობის, ცოდნის დაგროვებისა და ამ ცოდნის გადაცემის უნარი აკადემიურ და საწარმოო სფეროში და საზოგადოებაში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ სტუდენტის უნარს, კრიტიკულად გააანალიზოს რაოდენობრივი მონაცემები და იმუშაოს სამეცნიერო ტექსტზე, რისთვისაც სამაგისტრო პროგრამაში სპეციალური კურსებია გათვალისწინებული.

ორწლიანი ინტერდისციპლინური კურსები ღიაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მფლობელებისა და იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ განათლება სიცოცხლის შემსწავლელ და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მეცადინეობები მიმდინარეობს ქართულად, ზოგიერთ არჩევით კურსს უცხოელი პროფესორები ატარებენ ინგლისურ ენაზე.

დასაქმების სფეროები:

ეკოლოგიის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • ბუნებრივი რესურსების დაცვასთან და რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში – ეროვნულ პარკებში, სატყეო, სათევზაო და სანადირო მეურნეობებში;
  • სამთავრობო სააგენტოებში, ეროვნულ და საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებში;
  • ცხოველებისა და მცენარეების შემნახველ დაწესებულებებში – ზოოპარკებში, ბოტანიკურ ბაღებში;
  • სამეცნიერო დაწესებულებებში – უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში;
  • ან განაგრძოს სწავლა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
(+995 32) 222 00 09 (139)
 sciences_engineering@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები