საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები, გეოლოგია, გეოფიზიკა)

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები ერთ-ერთი შერჩეული მიმართულებით (გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები, გეოლოგია ან გეოფიზიკა) –  მათი ფუნდამენტური ცნებები და ამოსავალი კონცეფციები, აჩვენოს მათ შორის კავშირი და მათი გამოყენების ფართო სპექტრი, შეასწავლოს თანამედროვე თეორიები, მეთოდები და ტექნოლოგიები; მოამზადოს იგი წარმატებული პროფესიული კარიერისთვის და აღჭურვოს ტრანსფერული უნარებით, რომელთაც ის გამოიყენებს კარიერული ზრდისთვის, თვითგანვითარებისა და საზოგადოებაში ეფექტური საქმიანობისთვის.

ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიც არის ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი, გუნდში ეფექტურად მუშაობის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და აკადემიური მუშაობის უნარები.

სწავლების მეთოდები:

ლექციები, სემინარები, დამოუკიდებელი სამუშაოები, კოლოკვიუმები, პრეზენტაციები, ჯგუფური სამუშაოები, ლაბორატორიული სამუშაოები, საველე პრაქტიკები.

დასაქმების შესაძლებლობები:

გეოგრაფიისა და GIS ტექნოლოგიების მიმართულება – სამეცნიერო, საკონსულტაციო ან საჯარო დაწესებულებები; არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო კომპანიები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია გეოგრაფიულ კვლევებთან, გარემოსდაცვასა და ეკოლოგიურ მონიტორინგთან, ჰიდროლოგიასა და მეტეოროლოგიასთან, კარტოგრაფიასთან, GIS ტექნოლოგიების გამოყენებასთან; საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გეოგრაფია-გეოეკოლოგიის პროფილით.

გეოლოგიის მიმართულება – სამეცნიერო, საკონსულტაციო ან საჯარო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო ან საერთაშორისო კომპანიები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის კვლევასთან, ძებნა-ძიებასთან, მოპოვებასთან; სხვა გეოლოგიურ საქმიანობასთან, როგორებიცაა: ჰიდროგეოლოგია, გეოლოგიური აგეგმვა, მონიტორინგი და სხვ; სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული კომპანიები. აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საჯარო სექტორი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო), გარემოსდაცვითი აუდიტის, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის, გეოინფორმაციული სისტემების მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიები და სხვ.

გეოფიზიკის მიმართულება – სამეცნიერო, საკონსულტაციო ან საჯარო დაწესებულებები; არასამთავრობო ორგანიზაციები; კერძო კომპანიები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დედამიწის კვლევებთან, გარემოსდაცვასა და ეკოლოგიურ მონიტორინგთან, სეისმურ მონიტორინგთან, სასარგებლო წიაღისეულის კვლევა-მოპოვებასთან, გეოსაინფორმაციო სისტემების გამოყენებასთან ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკის კვლევა/შეფასებასთან, სამშენებლო კომპანიები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საძიებო და საინჟინრო გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებასთან.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 ზოგადი მოდული  60
 ძირითადი სპეციალობა  120
 დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტები     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები