მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი:„კლდეკარის ერისთავი თევდორე ვაჩინას-ძე და ვაჩინასძე//ვაჩნასძეთა ფეოდალური სახლი X-XIII საუკუნეებში“

სემინარები

18 იანვარს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ჯოჯუა წაიკითხავს მოხსენებას „კლდეკარის ერისთავი თევდორე ვაჩინას-ძე (1094-1110-იანი წწ.) და ვაჩინასძე//ვაჩნასძეთა ფეოდალური სახლი X-XIII საუკუნეებში“.

მოხსენება ეხება მანგლისის საეპისკოპოსო ტაძრის სამხრეთ ეგვტერის ჩრდილოეთ კედელზე ამოკვეთილ ასომთავრულ ლაპიდარული წარწერას, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით XI საუკუნით თარიღდება. წარწერა, რომელიც იურიდიული შინაარსის ტექსტს შეიცავს, მოგვითხრობს, რომ მანგლისის ტაძარში ერისთავ თევდორე ვაჩინას-ძისათვის განაწესეს აღაპი, რომელიც 8 ნოემბერს მთავარანგელოზთა დღესასწაულზე უნდა გადაეხადათ. წარწერაში ნახსენებ ერისთავ თეოდორეს იდენტიფიცირება აქამდე არ მომხდარა.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ მანგლისის ეკლესიის სააღაპე წარწერაში დასახელებულია ცნობილი ისტორიული პირი, საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებლის თანამებრძოლი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცეს გიორგის დისწული თევდორე, რომელიც 1094 წლიდან 1110-იან წლებამდე კლდეკარის ერისთავის სახელოს ფლობდა.

მოხსენებაში ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კუთხითაა შესწავლილი ვაჩინასძე//ვაჩნასძეთა ფეოდალური სახლის X-XIII საუკუნეების ისტორიასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ხელმძღვანელ ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge, რომ გამოგიგზავნოთ ზუმის შეხვედრის ბმული სემინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

2022 წელი

ბანერები