მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. შიდა მობილობისათვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა საბაკალავრო საფეხურზე შეადგენს 50-ს.

შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით განცხადება უნდა დაწეროს არგუსიდან შესაბამისი ბლანკით: „ფაკულტეტის ცვლილება“ ან „პროგრამის ცვლილება“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე, პროგრამა/პროგრამებზე – 1. სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები); 2. ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 3. თავისუფალი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 4. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა) – 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც მესამე, არჩევით, საგნად ჩაბარებული აქვთ მხოლოდ მათემატიკა ან ჩაბარებული აქვთ მათემატიკაც და ისტორიაც, მაგრამ არ აქვთ გადალახული მინ. 25%-იანი ზღვარი ისტორიაში, მობილობის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ შემდეგ პროგრამებზე:

  1. ჰუმანიტარული მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები: ანგლისტიკა, გერმანისტიკა, ესპანისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, იტალიისმცოდნეობა, სლავისტიკა, აღმოსავლეთმცოდნეობა, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ლიტერატურათმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია);
  2. მუსიკა (ძირითადი და დამატებით სპეციალობა);
  3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).

რაც შეეხება 2020-21 წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვთ ისტორია და ამ საგანში გადალახული აქვთ 25%-იანი ზღვარი, უფლება მიეცეთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე/მიმართულებაზე განახორციელონ შიდა მობილობა;

იმ შემთხვევაში, თუ 2020-21 წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტს ჩაბარებული აქვს მხოლოდ მათემატიკა, მობილობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ შემდეგ პროგრამებზე/მიმართულებებზე:

  1. თავისუფალი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  2. სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ევროპისმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები);
  3. ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  4. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა).

2020-2021 სასწავლო წელს ჩარიცხულმა შიდა მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებიც შიდა მობილობას ახორციელებენ იმ პროგრამაზე, რომელიც მესამე ან/და მეოთხე საგნად ითხოვს იმ საგნისგან განსხვავებული გამოცდის ჩაბარებას, რომლითაც ისინი ჩაირიცხნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით;

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ შიდა მობილობის განხორციელების უფლება, თუ ისინი დააკმაყოფილებენ სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების შემდეგ ფაკულტეტი 3 სექტემბრის ჩათვლით დაუკავშირდება იმ სტუდენტებს, რომელთაც მოიპოვეს შიდა მობილობის უფლება.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომლებზეც ცხადდება შიდა მობილობა იხილეთ აქ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები