მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე.

შიდა მობილობისათვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

  • საბაკალავრო საფეხურზე – 60 
  • სამაგისტრო საფეხურზე – 20

შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით განცხადება უნდა დაწეროს არგუსიდან შესაბამისი ბლანკით: „ფაკულტეტის ცვლილება“ ან „პროგრამის ცვლილება“.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე, პროგრამა/პროგრამებზე: 1. სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები); 2. ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 3. თავისუფალი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 4. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა).  

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული აქვთ მხოლოდ მათემატიკა, ან ჩაბარებული აქვთ მათემატიკაც და ისტორიაც, მაგრამ არ აქვთ გადალახული მინ. 25%-იანი ზღვარი ისტორიაში, მობილობის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ შემდეგ პროგრამებზე:

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები: ანგლისტიკა, გერმანისტიკა, ესპანისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, იტალიისმცოდნეობა, სლავისტიკა, აღმოსავლეთმცოდნეობა, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ლიტერატურათმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია); 
  • მუსიკა (ძირითადი და დამატებით სპეციალობა); 
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).

რაც შეეხება 2020-21 წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვთ ისტორია და გადალახული აქვთ ამ საგანში 25%-იანი ზღვარი, უფლება აქვთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე/მიმართულებაზე განახორციელონ შიდა მობილობა.

იმ შემთხვევაში, თუ 2020-21 წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს ჩაბარებული აქვთ მხოლოდ მათემატიკა, მათ მობილობის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ შემდეგ პროგრამებზე/მიმართულებებზე:

  • თავისუფალი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ევროპისმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები);
  • ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა).

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ შიდა მობილობის უფლება, თუ ისინი დააკმაყოფილებენ სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს;

2020-21 წლის შემოდგომის სემესტრამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც სურთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე შიდა მობილობით გადმოსვლა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ A ტიპის ტესტი;

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების შემდეგ ფაკულტეტი 6 მარტის ჩათვლით დაუკავშირდება იმ სტუდენტებს, რომელთაც მოიპოვეს შიდა მობილობის უფლება.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომლებზეც ცხადდება შიდა მობილობა, იხილეთ აქ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები