საჯარო მოხსენება ,,ნაზარლების ქვეყანა"
ღონისძიებები
16 დეკემბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ბუხრაშვილი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას: „ნაზარლების ქვეყანა“ – ფრაგმენტებს ქართველი ერის უძველესი ისტორიიდან.
მოხსენების შესახებ
მოხსენება შეეხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალლეს (გერმანია) უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ახლახან აღმოჩენილ, გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის (ჩვ. წ-მდე XII - X ს.ს.) უნიკალურ საკულტო ძეგლს - ,,ნაზარლების“ სამლოცველოს და ამ არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელობას აღნიშნული პერიოდის კავკასიის არქეოლოგიურ კულტურათა სისტემაში.
ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ამ ძეგლიდან მომდინარე არქეოლოგიური მასალის ტექნოლოგიური და ლაბორატორიული შესწავლის უახლესი შედგებიც და ის, თუ რა როლი შეიძლება მიენიჭოს ამ შედეგებს, კავკასიის უძველესი მოსახლეობის ისტორიის შემდგომ კვლევებში.
მომხსენებლის შესახებ
პაატა ბუხრაშვილმა 1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ეთნოგრაფიის სპეციალობით, 1989 წელს კი – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ეთნოლოგიის სპეციალობით. 1989 დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საცხოვრისი ეთნიკურ ყოფაში“. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან (არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, 1983-2006), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (საქართველოს ისტორიის კათედრა, 1989-1996) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ეთნოლოგიის კათედრა, 1990-2006); სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტთან (კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა, 1994-2006), 2006- 2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დეკანი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია 2010 წლიდან. ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორიას.
დრო: 16 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32
სამუშაო ენა: ქართული
დასწრება თავისუფალია.
2022