„ქართლის ქალაქები რომაულ იმპერიულ და გვიან ანტიკურ ხანებში“ – ირინე დემეტრაძე-რენცის წიგნის პრეზენტაცია
ღონისძიებები
1-ელ თებერვალს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, ირინე დემეტრაძე-რენცის წიგნის „ქართლის ქალაქები რომაულ იმპერიულ და გვიან ანტიკურ ხანებში“ პრეზენტაცია.
„ქართლის ქალაქები რომაულ იმპერიულ და გვიან ანტიკურ ხანებში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგამომცემლო გრანტების 2021 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
წიგნის შესახებ
რომაულ იმპერიულ პერიოდსა და გვიან ანტიკურ ხანაში ქართლში გარკვეული სოციალური, რელიგიური, სამოქალაქო და მმართველობითი სტრუქტურები შეიქმნა და განვითარდა რომის იმპერიასთან ურთიერთობის შედეგად. ქვეყანაში ურბანიზაციის პროცესები მიმდინარეობდა, გაჩნდა ახალი ურბანული ცენტრები.
ქართლის ურბანიზაციის საკითხები ნაკლებადაა შესწავლილი როგორც ქართულ, ისე უცხოურ არქეოლოგიურ და ისტორიულ ლიტერატურაში. წიგნში სწორედ ეს საკითხებია განხილულიქართლის მთავარი ქალაქების – არმაზისა და მცხეთის მაგალითებზე. არქეოლოგიურ და ტოპოგრაფიულ მონაცემთა და რომაული და ქართული წერილობითი წყაროების შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია ქალაქების სტრუქტურული და ტერიტორიული განვითარების პროცესები და მათზე ასახული რომაული ზეგავლენა.
ავტორის შესახებ
ირინე დემეტრაძე-რენცი, არქეოლოგიის დოქტორი, 2010 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგიის რამდენიმე კურსს. მისი კვლევის სფერო ინტერდისციპლინურია და მოიცავს ლანდშაფტის კვლევებს, ნამოსახლართა მოდელების შესწავლას, რომაული პერიოდის არქეოლოგიასა და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების გამოყენებას არქეოლოგიაში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 1-ელი თებერვალი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023