


პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექციები
ღონისძიებები
19, 22 და 23 მაისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის
პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციებს პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისების შესახებ ძველ ბერძნულ ფილოსოფიასა და ლიტერატურაში.
უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი იოჰან ტრალაუ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამით ერაზმუს+ იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. 2013 წელს შვედეთის აკადემიამ გადასცა იოჰან ლუნდბლადის პრიზი კლასიკურ ფილოლოგიასა და ანტიკურ ისტორიაში.
პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები I: პლატონთან, ჰომეროსთან და ხეთურ გილგამეშის ეპოსში
მომხსენებელი განიხილავს პოლიტიკური და მორალური ფილოსოფიის საწყისებს, რომელთა აღმოჩენა შესაძლებელია „შინაგანი კრიტიკით“. ეს გულისხმობს რაციონალური არგუმენტაციის იმ ტექნიკათა ერთობლიობას, რომელიც არ არის პლატონის მიერ გამოყენებულის მსგავსი. შინაგანი კრიტიკა ნიშნავს შეხედულების „შიგნიდან“ უარყოფის მცდელობას, რაც ძალიან ხშირად ემყარება თანამოსაუბრის პირადი არგუმენტის წინაპირობას. თუმცა საკითხავია, იყო თუ არა აზროვნების ეს ფორმა დასაწყისიდანვე? ჰომეროსის „ილიადისა“ და ხეთური გილგამეშის ფრაგმენტების ანალიზის საფუძველზე მომხსენებელი მიიჩნევს, რომ ამ ადრეულ ბერძნულ და ანატოლიურ წყაროებში მსგავსი არგუმენტაცია არ გვხვდება და შინაგანი კრიტიკა უნდა გავიაზროთ როგორც ინტელექტუალური და ისტორიული ინოვაცია, რომლის წარმოშობა სხვა ადგილებსა და უფრო გვიანდელ დროში უნდა ვეძებოთ.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 19 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები II: რატომ შეიძლება ესქილეს „ორესტეა“ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე პროტაგორასი
მომხსენებელი მიმოიხილავს შინაგანი კრიტიკის თემას ძველ ბერძნულ ლიტერატურაში. იგი ამტკიცებს, რომ თეოგნიდესი და საფო ქმნიან შინაგანი კრიტიკის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს, დიდი ალბათობით იგივე შეიძლება ითქვას ძვ.წ. V საუკუნის ფილოსოფოსსა და სოფისტ პროტაგორასზე, მიუხედავად იმისა, რომ პროტაგორასის წყაროები და ფრაგმენტები ურთიერთსაპირისპირო და ბუნდოვანია. განსხვავებულია ათენელი დრამატურგი ესქილე. მისი „ორესტეა“, რომელიც ძვ.წ. 458 წელს დაიდგა, პირველი მაგალითია ბერძნულ ლიტერატურაში, რომელშიც ერთი პერსონაჟი მეორეს მისი არგუმენტის ლოგიკურ შეუსაბამობაზე მიუთითებს. ეს ტრილოგია სავსეა სისხლით, შურისძიებით, მკვლელობით, ადამიანის შეწირვითა და უზნეობით. თუმცა ამავდროულად ის ნორმატიული თეორიის ისტორიის ბრწყინვალე ეტაპია პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი გააზრების სფეროში,ისევე როგორც თეორიული ტერმინოლოგიის განვითარებაში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 22 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისები III: სოფოკლეს „ელექტრა“ და ნორმატიული თეორიის ანატომია
მომხსენებელი განიხილავს „ელექტრას“, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს მორალსა და პოლიტიკაზე პლატონამდელი მსჯელობის კულმინაციად, და ამ კუთხით ისაუბრებს ისტორიკოს ჰეროდოტოსზე, ორატორ თრასიმაქოსზე, ტრაგიკოს პოეტ ევრიპიდესა და ფილოსოფოს სოკრატეზე. კულმინაციას წარმოადგენს სოფოკლეს „ელექტრა“, რომელიც ძვ.წ. 410 წელს დაიდგა სცენაზე. იმ დროისთვის პლატონი, ალბათ, ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო (შესაძლოა მას იმ დროს მიეღო უფლება, ჭიდაობაში ეასპარეზა უფროსთა კატეგორიაში). თუმცა სოფოკლე წარმოაჩენს იმგვარი ფორმის უარყოფას, რომლის დაკავშირებაც შესაძლებელია პლატონთან. მკვლელობასა და შურისძიებაზე გამართულ რეზონანსულ დისკუსიაში ის ელექტრას საშუალებას აძლევს, უარყოს კონკრეტული არგუმენტი, რომელიც საპასუხო მკვლელობას ეხება. ეს არის შიდა კრიტიკის თვალსაჩინო შემთხვევა. უფრო მეტიც, სოფოკლე ქმნის კონცეპტუალურ შეთავაზებას, კერძოდ, ბერძნულ ტერმინ „ნომოსს“, ტიპურ „კანონს“,ნორმატიული პრინციპის ცნების განსასაზღვრად. ამდენად ძვ.წ. V საუკუნის პოეზია წარმოადგენს ბერძნული პოლიტიკურ-მორალური ფილოსოფიის განვითარების ფუნდამენტს და საჭიროა ძველ ისტორიაში ფილოსოფიური და ნორმატიული არგუმენტების ხელახალი აღმოჩენა.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 23 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025