მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ფრანკ თომას გრუბის სემინარი „ამბების თხრობა: საზოგადოება, ისტორია, თანამედროვეობა და ლიტერატურა“

სემინარები

26 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახში პროგრამის Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ფრანკ თომას გრუბი გამართავს სემინარს „ამბების თხრობა: საზოგადოება, ისტორია, თანამედროვეობა და ლიტერატურა“ (Geschichte(n) erzählen: Gesellschaft, Geschichte, Gegenwart und Literatur). 

პროფესორ გრუბის კვლევის სფეროა თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერლობა და კულტურისმცოდნეობის დიდაქტიკა. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ასევე ინტერ- და ტრანსკულტურულ საკითხებს, ხოლო მისი ნაშრომები დაკავშირებულია ავტობიოგრაფიულ მწერლობასთან, ლიტერატურულ ლიმინალურობასთან, ლიტერატურის შექმნასა და რეცეფციასთან, სამოგზაურო ლიტერატურასთან, ლიტერატურის თეორიასა და გერმანისტიკის, როგორც დარგის, განვითარებასთან უცხოეთში.

2003 წელს მან ზაარლანდის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „გარდატეხა“ და „ერთიანობა“ გერმანულენოვან ლიტერატურაში. 2020 წელს გამოიცა მისი მეორე მონოგრაფია Traumreisen in Märchenländer? Studien zur Reiseliteratur aus der DDR Richtung “Westen“.

ფრანკ თომას გრუბი იყო გერმანისტიკის მიმართულების პროფესორი ჯერ გოტებორგის, შემდეგ – უფსალის უნივერსიტეტში. ამჟამად ხელმძღვანელობს უფსალის უნივერსიტეტის თანამედროვე ენათა ინსტიტუტს.  ქსელის Landeskunde Nord დამაარსებელი და არაერთი ანთოლოგიის (მათ შორის Northern European Studies in Literature, Language and Culture) რედაქტორია. ასევე აქვეყნებს სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ.

ვრცლად მომხსენებლის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.uu.se/en/contact-and-organisation/staff?query=N14-498.

სამუშაო ენა: გერმანული

დრო: 26 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები