მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მე-8 სოციოლოგიური კონფერენცია „სოციოლოგია პანდემიაში“

24-25 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სოციოლოგთა მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სოციოლოგია პანდემიაში“.

ყველაზე ჰიპოთეტურ სოციოლოგიურ წარმოსახვაშიც კი შეუძლებელი იქნებოდა სოციალურის მორფოლოგიაში ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების წარმოდგენა, რომელთა მომსწრეც კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში გავხდით. უხილავი ვირუსისგან სოციალური მექანიზმებით თავდაცვამ შეცვალა არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების წესი და სტრუქტურა, არამედ მაკროსოციეტალური დონის წესრიგის საფუძვლებიც. რა გავლენა აქვს საგანგებო კრიზისულ ვითარებაში აღმოცენებულ ნორმატიულ წესრიგს საზოგადოებაზე, მის ცალკეულ ჯგუფებსა და ინდივიდებზე? როგორ აისახება ადამიანების ყოველდღიურობაზე, მათ ინტერაქციებსა და სოციალურ პრაქტიკებზე? რა შედეგებს მოუტანს აღნიშნული ცვლილებები მომავალში საზოგადოების განვითარებას, სოლიდარობასა და სოციალურ შეჭიდულობას?

პანდემიის სოციალური შედეგების კომპლექსური ანალიზის პროცესში უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია სოციალური მეცნიერებების, მათ შორის  სოციოლოგიის როლი. მით უფრო, როდესაც აღნიშნული ფუნდამენტური ცვლილებები სტიმულს აძლევს დისკუსიის დაწყებას უკეთესი მომავლის შესახებ, რომელიც დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კრიტიკულად გავიაზრებთ ამ გამოწვევებს როგორც საზოგადოება და მოქალაქეები, ისე მეცნიერები და პოლიტიკის სფეროს აქტორები.

საზოგადეობის ყველა სფეროში პანდემიის სოციალურ შედეგებზე მრავალმხრივი რეფლექსიისა და დისკუსიისთვის ვიწვევთ სოციოლოგებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სტუდენტებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენცია უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენთვის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ უპრეცედენტო, ექსტრაორდინარულ პერიოდში განხორციელებული კვლევის შედეგები და განსხვავებული პერსპექტივები.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სოციოლოგებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოდან.

საუკეთესო სტატიები დაიბეჭდება კონფერენციისადმი მიძღვნილ კრებულში. კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან.

საბუთების მიღება:

დაინტერესებულმა კანდიდატმა 2021 წლის 25 აპრილამდე უნდა გამოგზავნოს მოკლე ავტობიოგრაფია (CV) და კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (არა უმეტეს 300 სიტყვისა) ერთიანი pdf დოკუმენტის სახით მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sociologicalconference@iliauni.edu.ge

შედეგების შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ არა უგვიანეს 16 მაისისა. 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

სოციოლოგთა ყოველწლიური კონფერენციის შესახებ

2012 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგები ატარებენ სოციოლოგთა ყოველწლიურ კონფერეციას. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს სოციოლოგებს იმსჯელონ თანამედროვე გამოწვევებზე საზოგადოებაში როგორც ლოკალური, ისე გლობალური პერსპექტივიდან. COVID-19-ით გამოწველი პანდემიის გამო 2020 წელს კონფერენცია გადაიდო.

 

 

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები