მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი დევნილთა კრიზისის შესახებ ევროკავშირის სიმულაციაში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსები

21-22 მაისს ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი (თურქეთი) დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირის სიმულაციაში, რომელიც იმართება Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the periphery) ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი.

პროექტის მიზანია მასში მონაწილე სტუდენტების ცნობიერების გაზრდა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფორმალური მხარის შესახებ. სიმულაციის მიმდინარეობისას მონაწილეები ასევე ისწავლიან, ეს გადაწყვეტილებები რა გავლენას ახდენს მოქალაქეებზე და რა ფაქტორები მოქმედებს თვითონ ამ გადაწყვეტილებათა გრძელვადიან შედეგებზე. სიმულაციაზე აქცენტი გაკეთდება კონტრაბანდასთან ბრძოლაზე, უკან დაბრუნებისა და რეადმისიის გაუმჯობესებაზე, დევნილთა კრიზისთან გასამკლავებლად ადგილობრივი ინსტიტუტების გაძლიერებასა და მიგრაციის სხვადასხვა ასპექტის მართვაზე.

სიმულაციაში, რომელიც 2022 წლის 21-22 მაისს ქალაქ ესქიშეჰირში (თურქეთი) გაიმართება, მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან პოლიტიკის მეცნიერებას (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, საჯარო პოლიტიკა) და აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • ზოგადი ცოდნა მიგრაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ;
  • კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა (ეს მოთხოვნა ეფუძნება ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტის შინაგანაწესს);
  • სიმულაციებში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია).

სემინარში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 15 მარტის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/33n9ijQ

განაცხადს უნდა დაერთოს აპლიკანტის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქს. 400 სიტყვა).

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განაცხადების გადარჩევით შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრება ჩაუტარდებათ 2022 წლის მარტის ბოლოს.

პროექტში მონაწილეობის ყველა ხარჯს დაფარავს ორგანიზატორი მხარე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: ana.mikautadze.1@iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები