მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თავისუფალი მეცნიერებები (Liberal arts)

თავისუფალი მეცნიერებები (Liberal arts)

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: თავისუფალ მეცნიერებათა ბაკალავრი

კოდი NAEC ცნობარში: 0100102

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

თავისუფალი მეცნიერებების (Liberal Arts) საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს შემუშავდა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (აშშ) და ჯეიმს მედისონის კოლეჯთან თანამშრომლობით (აშშ).

პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ინტერდისციპლინურ საბაკალავრო განათლებას, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების (ფილოსოფია, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია და პოლიტიკა) მრავალფეროვან საკითხებს, აფართოებს სტუდენტის ცნობიერებას და უვითარებს ამ საკითხებს შორის  ლოგიკური ბმების დანახვისა და მათი, როგორც შესაბამისი დარგის, ასევე ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან განხილვის უნარს.

პროგრამა აგებულია დიადი წიგნების სწავლების (Great Books Program Curriculum) კონცეფციაზე, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს კრიტიკული მიდგომის გამოყენებით გაეცნონ იმ ავტორთა ნაშრომებს, რომლებიც სვამენ ფუნდამენტურ შეკითხვებს ცხოვრებისა და საზოგადოების მოწყობაზე.

თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული oნიციატივა” (AGILE) თანამშრომლობით.

პროგრამის განვითარების საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია AGILE თავის მხრივ თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: 

  • აშშ კონგრესისგან მხარდაჭერილი ორგანიზაცია National Endowment for Democracy, NED (ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის), რომელიც ხელს უწყოს დემოკრატიის განვითარებას მთელ მსოფლიოში;
  • ბრედლის ფონდი (Bradley Foundation) ჰადსონის ინსტიტუტი, რომელიც AGILE-ს ფართომასშტაბიან დახმარებას უწევს რჩევებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციის სხვადასხვა ფონდთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პროცესში.

პროგრამის მიზანი

თავისუფალი მეცნიერებების (Liberal Arts) საბაკალავრო პროგრამის მიზანია პირველადი წყაროების ნელი კითხვის საშუალებითა და კრიტიკული მიდგომების გამოყენებით მისცეს სტუდენტებს ინტერდისციპლინური ცოდნა პროგრამით გათვალისწინებულ დარგებში.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა დასვან ახალი შეკითხვები, გაიაზრონ და გაანალიზონ ტექსტის პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობები, ამოიცნონ ტექსტში დამალული საკითხები და პრობლემები, თამამად გამოხატონ თავიანთი აზრი და  საკუთარი შეხედულება დაიცვან არგუმენტებით.

პროგრამით მიღებულ ფართო განათლებასა და განვითარებულ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარს სტუდენტები გამოიყენებენ  მათ მიერ არჩეულ ნებისმიერ კარიერაში. 

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის ფუნდამენტს წარმოადგენს დიადი წიგნების კურიკულუმით (Great Books Program Curriculum) გათვალისწინებული კურსები. ამ კურსებზე სტუდენტები ეცნობიან ისტორიის მანძილზე შექმნილ მნიშვნელოვან ნაშრომებს, რომელთა იდეებსაც ეფუძნება დასავლეთის ქვეყნების კულტურა.

პროგრამა სტრუქტურულად ინტერდისციპლინურია და აერთიანებს ხუთ ძირითად ბლოკს:

  • ფილოსოფია
  • ისტორია და პოლიტიკა
  • ხელოვნება
  • ლიტერატურა
  • პიროვნული შესაძლებლობების განვითარება

თავისუფალ მეცნიერებებში ფართო განათლების დაუფლების ეტაპზე პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ პროგრამით გათვალისწინებულ რომელიმე დარგზე თავისუფალი მეცნიერებების კონტექსტში.

სწავლის შედეგები   

  • დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ძირითადი ლიტერატურული და კინო, ასევე ხელოვნების დიადი ნიმუშებისა და შედევრების, მათი ავტორების სიღრმისეული ცოდნა;
  • ისტორიის მანძილზე შექმნილი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომებისა და იმ ავტორების სიღრმისეული ცოდნა, რომელთა იდეებსაც ეფუძნება დასავლეთის ქვეყნების კულტურა;
  • დასავლური ქვეყნების პოლიტიკის თეორიის ფუძემდებლების ნაშრომების სიღრმისეული ცოდნა;
  • დემოკრატიული პოლიტიკის ბუნებისა და საფუძვლების, დემოკრატიზაციის პრობლემებს სიღრმისეული ცოდნა;
  • ფილოსოფიის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და პოლიტიკის დარგში არსებული ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების სიღრმისეული ცოდნა და მათ შორის არსებულ მიმართებათა კრიტიკული მიდგომების გამოყენებით შეფასებისა და ანალიზის უნარი;
  • რთული ტექსტების წაკითხვისას ტექსტის პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობების გააზრებისა და გაანალიზების უნარი; ტექსტში დამალული საკითხებისა და პრობლემების ამოცნობის, შეფასების, კრიტიკული ანალიზისა და საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად ჩამოყალიბების უნარი;
  • წინასწარგანსაზღვრული ინსტრუქციების მიხედვით ინტერსდისციპლინური კვლევითი და/ან პრაქტიკული ხასიათის სამუშაოების (ესეის დაწერა, პროექტის მართვა, მცირე ზომის თეორიული კვლევის ჩატარება და ა.შ.) ჩატარების უნარი ფილოსოფიის, ლიტერატურის, ხელოვნების ან პოლიტიკის დარგებში არსებულ საკითხებზე და მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია;
  •  პოზიციების ჩამოყალიბებისა და დისკუსიაში მათი დაცვის უნარი;
  • იდეებისა და კონცეფციების კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და ინფორმაციის რეზიუმირების უნარი;
  • შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროდან, ასევე სამეცნიერო ლიტერატურიდან ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • ლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა, მოვლენების ინტელექტუალური და ეთიკური შეფასების უნარი.

სწავლის მეთოდები

პროგრამაში სწავლების ფორმატი ეფუძნება ლიბერალური განათლების კონცეფციას, სწავლება ხორციელდება ინტერაქციული ლექცია-სემინარებისა და დისკუსიების ფორმატში და ორიენტირებულია სტუდენტებისათვის არგუმენტაციული უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

პროგრამის ფარგლებში გამოიყენება სწავლების შემდეგი მეთოდები:

  • სოკრატული სწავლების მეთოდი– რაც გულისხმობს სწავლას დისკუსიის გზით და საშუალებას აძლევს სტუდენტს თავად წამოჭრას შეკითხვები. დისკუსიის თემებისა და საკითხების ინსპირირება ხდება წაკითხული მასალის/ნანახი ფილმის საფუძველზე, რომელთაც არა მხოლოდ ლექტორი, არამედ თვითონ სტუდენტებიც ირჩევენ;
  • დიადი წიგნების კურიკულუმით (Great Books Curriculum) სწავლება – სტუდენტები ეცნობიან დედნებს, რომელთა შესახებ მრგვალი მაგიდის გარშემო მიმდინარეობს დისკუსია, ლექტორებს დისკუსიების დროს აქვთ ფასილიტატორის ფუნქცია; როგორც წესი, დიადი წიგნების კურიკულუმებში შესულია წიგნები, ა) რომლებიც ეხება თანამედროვეობისათვის აქტუალურ საკითხებს/პრობლემებს; ბ) აღწერენ იმ დიად იდეებს, რომლებიც შექმნილა კაცობრიობის მიერ გასული 25 საუკუნის განმავლობაში.
  • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
  • ანალიზი და სინთეზი
  • როლური და სიტუაციური თამაშები
  • დემონსტრირების მეთოდი

სასწავლო კომპონენტებში გამოყენებული სწავლების მეთოდები მითითებულია შესაბამის სილაბუსებში.

დასაქმების შესაძლებლობები

თავისუფალი მეცნიერებების (Liberal Arts) საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში გავლილი მრავალფეროვანი მომზადება ბაკალავრს საშუალებას აძლევს , იმუშაოს სრულიად განსხვავებულ სფეროებში. სახელდობრ, ბაკალავრები პროგრამის დამთავრების შემდეგ შეძლებენ დასაქმდნენ საჯარო, არასამთავრობო ან/და ბიზნესის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

პროგრამა საუკეთესო მომზადებაა მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ფილოსოფია, ლიტერატურა, რელიგია, ისტორია და პოლიტიკური მეცნიერებები.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

სტუდენტმა თავისუფალ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა, ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


ჩასაბარებელი გამოცდები

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა/ისტორია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები