მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი

კოდი NAEC ცნობარში: 0100103

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და  ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ანახლებენ.

პროგრამა ემსახურება გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების დარგში კომპოზიციებისადმი ანალიტიკური მიდგომების ჩამოყალიბებას, სტუდენტის შემოქმედებითი/პრაქტიკული უნარებისა და  ესთეტიკური გემოვნების განვითარებას. პროგრამა ინტერდისციპლინურია: მასში გამოიყოფა სამი მიმართულება. თითოეული მათგანის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების რამდენიმე ურთიერთთავსებად დარგს.  შემოთავაზებული კომბინაციები ნაკარნახევია პრაქტიკოსი მხატვრების მრავალწლიანი გამოცდილებითა და იმ საჭიროებებით, რომლებიც  დასაქმების ბაზარზე არსებობს. ამასთან დარგების ამგვარი კომბინაციის შედეგად მომავალი ხელოვანები შეძლებენ მასალათა შემოქმედებით სინთეზს და უფრო მაღალი ხარისხის, დახვეწილი ესთეტიკის მქონე და ტექნოლოგიურად ორიგინალური ნამუშევრების შექმნას.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების რამდენიმე ურთიერთთავსებად დარგს, რაც ხელს შეუწყობს მის  მრავალპროფილიან სპეციალისტად ჩამოყალიბებას. ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების  განვითარებაზე, როგორებიცაა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულსა და ინგლისურ ენებზე, რაოდენობრივი მსჯელობა, კრიტიკული ანალიზი და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც ექნება ფართო ცოდნა ვიზუალური ხელოვნების ზოგადი მახასიათებლების, დარგებისა და ჟანრების სპეციფიკის, ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის ძირითადი ცნებების შესახებ და შეძლებს ორიგინალური იდეებისა და კონცეფციების განხორციელებას კონკრეტული პროდუქტის/საავტორო ნამუშევრის სახით მის მიერ შერჩეული მიმართულებისთვის დამახასიათებელი კომპოზიციური და ტექნოლოგიური კანონების, პრინციპებისა  და მიდგომების დაცვით.

პროგრამის მიზანია არა ხელოვნების რომელიმე ერთი დარგის, არამედ რამდენიმე მომიჯნავე და ურთიერთთავსებადი დარგის კომბინირებული სწავლება. ამასთან საბაკალავრო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა დარგობრივი კომპოზიციების ანალიტიკურ ასპექტსა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას:

  • პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს იდეების, კონცეფციებისა და პროექტების შემუშავებისა და კონკრეტულ პროდუქტად ჩამოყალიბების შემოქმედებითი უნარი, აბსტრაქტული აზროვნება და ესთეტიკური გემოვნება;
  • პროგრამის მიზანია სტუდენტმა შეძლოს  პროგრამით გათვალისწინებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მომიჯნავე დარგების ერთიან კონტექსტში განხილვა.

კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა

პროგრამის მიზანია 

  • სტუდენტს შეასწავლოს კომპიუტერული დიზაინის გრაფიკული პროგრამები და ამ პროგრამებით მუშაობის წესები;
  • სტუდენტს შეასწავლოს დაზგური გრაფიკის  სახეობების ძირითადი მახასიათებლები, მათი შესრულების კომპოზიციური და ტექნოლოგიური თავისებურებები;
  • სტუდენტს შეასწავლოს პლაკატის ხელოვნებისა და წიგნის გრაფიკის კომპოზიციური თავისებურებები და  ქართული და ლათინური ხელნაკეთი შრიფტების შესრულების ტექნოლოგიური წესები.

მოდის, მხატვრული ტექსტილისა და ფეხსაცმლის დიზაინი

პროგრამის მიზანია

  • სტუდენტს შეასწავლოს ნებისმიერი სირთულის საავტორო ანსამბლის ესკიზირების პრინციპები და სხვადასხვა სირთულის ანსამბლისთვის ტანსაცმლის კონსტრუირების საფუძვლები;
  • სტუდენტს შეასწავლოს მხატვრული ტექსტილის დიზაინის ყველა სახეობის (ბატიკა, თექა, გობელენი, ხალიჩა და სხვა) კომპოზიციური თავისებურებები და მათი შესრულების ტექნოლოგიური წესები;
  •  სტუდენტს შეასწავლოს ფეხსაცმლის დიზაინის კომპოზიციური თავისებურებები და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციისა (თარგის) და მოდელის მასალაში შესრულების ტექნოლოგიური წესები.

ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური მოხატვის, კერამიკისა და მხატვრული მინის დიზაინი

პროგრამის მიზანია

  • სტუდენტს შეასწავლოს მონუმენტური მოხატვისა და მონუმენტური კერამიკის კომპოზიციის სხვადასხვა/მრავალგვარი სახეობის კომპოზიციური თავისებურებები და მათი შესრულების ტექნოლოგიური და ტექნიკური წესები;
  •  სტუდენტს შეასწავლოს მხატვრული მინის დიზაინის სხვადასხვა სახეობის – მინის სუვენირები, ტიხარი მინაში, მინის დეკორატიული პანო, მინის დეკორატიული ქანდაკება, ტიფანის ტექნიკა, მინის მონუმენტური ფორმები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის – კომპოზიციური თავისებურებები და მათი შესრულების ტექნოლოგიური და ტექნიკური წესები;
  •  სტუდენტს შეასწავლოს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის კომპოზიციის შესრულების სპეციფიკა და აგების პრინციპები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის დამახასიათებელი დეტალების გამოყენებით კომპიუტერულ პროგრამაში ArchiCAD.

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ

  • კურსდამთავრებულს ეცოდინება აკადემიური ხატვის ძირითადი კანონები (კონსტრუქციული და პლასტიკური), ხატვის თეორიული და პრაქტიკული ელემენტები, ფორმის აგების ლოგიკისა და სივრცის ორგანიზების ძირითადი პრინციპები;
  • კურსდამთავრებულს ეცოდინება კოლორისტული ფერწერის უმნიშვნელოვანესი კანონები (ფერი, ტონი, კოლორიტი, განათება), ფერწერული მასალების (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებები;
  • კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა ცხოველთა, ფრინველთა და ადამიანთა მოძრაობასა და პლასტიკაზე მათი ხერხემლის, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების გავლენის შესახებ;
  • კურსდამთავრებულს ექნება  ცოდნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის ძირითადი ცნებების და თეორიების შესახებ;                                                           
  • კურსდამთავრებულს ეცოდინება ვიზუალური ხელოვნების ზოგადი მახასიათებლები, დარგები და ჟანრების სპეციფიკა.

სწავლის მეთოდები:

სწავლის მეთოდები მოიცავს ვერბალურ და წერით კომპონენტებს, ელექტრონული სწავლების ელემენტებს, პრაქტიკულ ნაწილს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას, პროექტებსა და დემონსტრირების მეთოდს.

შენიშვნა: პროგრამაში გამოყენებული სწავლების მეთოდები დაკონკრეტებულია შესაბამისი კურსების სილაბუსებში.

დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამით გათვალისწინებული დარგობრივი პროფილის მიხედვით:

  • სარეკლამო ბიზნესი
  • დიზაინერული კომპანიები
  • გამომცემლობები
  • მასმედია
  • ფეხსაცმლისა და ტექსტილის საწარმოები
  • სამოდელო სახლები და ატელიეები
  • სამშენებლო-არქიტექტურული კომპანიები
  • ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური
  • სამკერვალო სალონები
  • კერძო და სახელმწიფო საწარმოები
  • კერძო ბიზნესი

პროგრამის კურსდამთავრებულმა სწავლა შეიძლება განაგრძოს შემდეგ საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შესწავლის მსურველმა სტუდენტმა საბაკალავრო სწავლების პირველივე წელს უნდა გაიაროს კურსები „პირველი ნაბიჯები ხატვასა და ფერწერაში 1“ და „პირველი ნაბიჯები ხატვასა და ფერწერაში 2“, რომლებიც დაეხმარება მას პროფესიულ თვითგამორკვევასა და მხატვრული უნარების გამოვლენაში.

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

 

ჩასაბარებელი გამოცდები

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხოური ენა (გერმ.; ინგლ.; რუს.; ფრან.)
  • მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები