მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მუსიკა

მუსიკა

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

კოდი NAEC ცნობარში: 0100103

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა ზოგადად სამუსიკო ხელოვნების შესახებ, ხოლო რომელიმე ერთი მიმართულების არჩევის შემთხვევაში – ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკა, ეთნომუსიკოლოგია, კომპოზიცია, ჯაზის ხელოვნება, საკლავიშო ხელოვნება – შედარებით ღრმა ცოდნა; შეასწავლოს მუსიკის ხელოვნება ფართო ისტორიულ, სოციოლოგიურ, ფილოსოფიურ, ესთეტიკურ და ანალიტიკურ კონტექსტში. გააცნოს ტექნოლოგიის მზარდი როლი მუსიკის დარგებში. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მუსიკა სტუდენტების ფართო წრისათვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ფორმალური მუსიკალური განათლება არ აქვს.

პროგრამის მიზანი

მუსიკის ძირითადი საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

  • დანერგოს და/ან განავითაროს საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში მუსიკის ისეთი მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებები, როგორებიცაა: ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკა, ეთნომუსიკოლოგია, ჯაზის ხელოვნება, კომპოზიცია; საკლავიშო ხელოვნება და მუსიკა და დღევანდელობა (მილევადი მიმართულება);
  • შეინარჩუნოს და შემდგომ განავითაროს ქვეყანაში არსებული საუკეთესო მუსიკალური ტრადიციები;
  • მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მუსიკის შესწავლა სტუდენტების ფართო წრისთვის.

 პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის უნარი,აგრეთვე გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარი.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

სწავლის ძირითადი მიმართულებაა მისცეს სტუდენტს, ერთი მხრივ, ფართო განათლება სამუსიკო ხელოვნების ერთ-ერთ სფეროში (ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკა, ეთნომუსიკოლოგი ან ჯაზის ხელოვნება, კომპოზიცია ან საკლავიშო ხელოვნება), მეორე მხრივ, ზოგადი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა, რათა აღზარდოს ის მაღალი შემოქმედებითი უნარის, ანალიტიკური აზროვნებისა და მრავალმხრივი პრაქტიკული ჩვევების მქონე მაქსიმალურად კონკურენტუნარიან მუსიკოსად.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება

მუსიკის სავალდებულო კურსების ბლოკის  შესწავლის შედეგად კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს ფართო ცოდნა: 

  • მუსიკალური ხელოვნების როლის შესახებ როგორც მსოფლიო კულტურის ისტორიაში, ისე თანამედროვე მსოფლიოში; ხელოვნების სხვა დარგებთან მის ურთიერკავშირზე; 
  • მსოფლიო მუსიკის ისტორიისა უძველესი დროიდან დღემდე – კერძოდ, იმ ძირითად იდეებზე, რომლებმაც გავლენა იქონიეს მუსიკის განვითარებაზე. ასევე მსოფლიო მუსიკალური კულტურის უმნიშვნელოვანეს მიმდინარეობებზე, წარმომადგენლებსა და მათ შემოქმედებაზე;
  • სხვადასხვა ეპოქის, ხალხის, სტილისა და ჟანრის მუსიკის მნიშვნელოვან ნიმუშებზე;
  • მუსიკის საბაზისო თეორიის ძირითადი პრინციპებისა და ცნებების, მუსიკის ძირითადი კანონზომიერებების, გამომხატველი ელემენტებისა და ნოტაციის შესახებ;
  • კლავიატურაზე ორიენტაციისა და სანოტო ლიტერატურის ფურცლიდან კითხვის საფუძვლების შესახებ;
  • სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მუსიკალური ნაწარმოების გააზრებულად მოსმენისა და შეფასების პრინციპების შესახებ.

ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის მიმართულების კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს ფართო ცოდნა: 

  • ელექტროაკუსტიკური მუსიკის ისტორიისა და ესთეტიკის, უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლებისა და მათი შემოქმედების შესახებ;
  • ზოგადად მუსიკალური კომპოზიციის, კერძოდ კი  – ელექტროაკუსტიკური კომპოზიციის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და საშუალებების შესახებ;
  • ელექტროაკუსტიკური მუსიკის ტექნოლოგიების, კერძოდ, დარგისთვის მნიშვნელოვანი სპეციალური კომპიუტერული პროგრამების – Audobe Audition, MAX-MSP-Jitter, Pro Tools – შესახებ;
  • ბგერის ჩაწერის, შენახვისა და მანიპულაციის ხერხების შესახებ;
  • მუსიკის აკუსტიკის უმნიშვნელოვანესი მახასიათებლების შესახებ;
  • მუსიკის პროგრამირებისა და „ლაივ“ ელექტრონიკის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ;
  • შემოქმედებითი პროექტის (აუდიო, აუდიოვიზუალური, ელექტროაკუსტიკური კომპოზიციების პორტფოლიო) დაგეგმვისა და გამართულად პრეზენტაციის შესახებ;
  • ხმის ინჟინერიის არსისა და ძირითადი პრინციპების, მუსიკის ინდუსტრიაში მისი როლის შესახებ; ასევე თანამედროვე სარეკლამო ბაზრის საბაზისო მოთხოვნების შესახებ ხმის დიზაინთან დაკავშირებით;
  • აუდიოინჟინერიისთვის საჭირო ძირითადი სამუშაო ხერხებისა და იარაღების შესახებ;
  • ხმის დიზაინის წარმოშობისა და განვითარების საფეხურების, აუდიოვიზუალური პროექტების შექმნისთვის საჭირო პრინციპების შესახებ;
  • პროგრამა Pro Tools-ის საფუძვლების შესახებ;
  • ინტერაქტიური ხმის დიზაინის შესახებ კომპიუტერულ თამაშებში, ინსტალაციებსა და თანამედროვე კომპიუტერულ და მობილურ აპლიკაციებში;
  • მუსიკალური კომპოზიციის/შემოქმედებითი ამოცანის კონცეპტუალური მხარის ჩამოყალიბებისა და ანოტირების შესახებ.

ეთნომუსიკოლოგიის  მიმართულების კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს ფართო ცოდნა:

  • ადამიანის მუსიკალური უნარებისა და სხვადასხვა კულტურული შრეისათვის დამახასიათებელი მუსიკალური და შემოქმედებითი აზროვნების ზოგადი ტიპების შესახებ; ეთნომუსიკოლოგიის ისტორიისა და კვლევის მეთოდების შესახებ;
  • ტრადიციული მუსიკის, რელიგიისა და ზოგადად რიტუალის ურთიერთმიმართების თავისებურებების შესახებ;
  • ქართული სოფლური და ქალაქური ხალხური სიმღერის, საეკლესიო საგალობლისა და ზოგადად ტრადიციული მუსიკის ისტორიისა და მუსიკალური ენის კანონზომიერებების შესახებ; ასევე მათი შესრულების სპეციფიკის შესახებ;
  • ქართველ მამაკაცთა, ქალთა და ბავშვთა მუსიკალური ფოლკლორის შესახებ;
  • საქართველოში გავრცელებული ხალხური საკრავების შესახებ, მათ შორის ქართული სიმებიანი საკრავების სპეციფიკისა და შემსრულებლობის ხერხების შესახებ;
  • ხალხური სიმღერის, საეკლესიო გალობისა და საკრავიერი მუსიკის ცნობილი ოსტატების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ;
  • საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მუსიკალური შემოქმედების შესახებ ქართულ მუსიკალურ ფოლკლორთან მიმართებაში;
  • მსოფლიოს ხალხთა ეთნიკური მუსიკალური კულტურის შესახებ;
  • ტრადიციული მუსიკის შეკრებისა და დამუშავების ისტორიისა და თანამედროვე პრაქტიკის შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში;
  • ეთნიკური მუსიკის მოსმენა-შეფასების, შესრულების, საველე შემკრებლობითი მუშაობის დაგეგმვისა და წარმოების, ტრადიციული მუსიკის აუდიონიმუშის ნოტებზე გადატანის, კატალოგიზაციის ტექნოლოგიების, ეთნიკური მუსიკის სხვადასხვა მიმართულების, მათი ფუნქციონირების ნორმების შესახებ თანამედროვე მსოფლიოში;
  • ანსამბლში/გუნდში მუშაობის ძირითადი პრინციპების შესახებ;
  • საკონცერტო სცენაზე, ვიდეო/აუდიო ჩაწერაზე ქცევის წესების შესახებ.

კომპოზიციის მიმართულების კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს ფართო ცოდნა:

  • თანამედროვე პროფესიული მუსიკის (მათ შორის ქართული) უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობების, ტექნიკებისა და წარმომადგენლების შესახებ ფართო ისტორიულ, ესთეტიკურ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ანალიტიკურ ჭრილში;
  • მუსიკალური კომპოზიციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესახებ;
  • მუსიკის ნოტაციის ტიპებისა და ხერხების შესახებ;
  • სხვადასხვა ეპოქის ორკესტრის ისტორიისა და თავისებურებების შესახებ;
  • საორკესტრო არანჟირების საბაზო პრინციპებისა და ხერხების შესახებ;
  • საორკესტრო საკრავების ტემბრული, ტექნიკური და გამომხატველი შესაძლებლობების და ხერხების (მათ შორის თანამედროვე) შესახებ;
  • შემოქმედებითი პროექტის, კერძოდ, მუსიკალური კომპოზიციების პორტფოლიოს პროფესიული პრეზენტაციის პრინციპების შესახებ;
  • ნაწარმოების კონცეპტუალური მხარის ჩამოყალიბებისა და ანოტირების ძირითადი პრინციპების შესახებ;
  • კინოსა და თეატრის მუსიკის სპეციფიკის შესახებ;
  • სხვადასხვა კომპიუტერული სანოტაციო, სარედაქტორო და ხმის დასამუშავებელი პროგრამის (როგორებიიცაა, მაგალითად, Sibelius, Sound Forge, Sonar და მსგ.), საკუთარ შემოქმედებაში გამოყენების ხერხების შესახებ.

საკლავიშო ხელოვნების   კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს ფართო ცოდნა:

  • ევროპული, კერძოდ, ბაროკოსა და რენესანსის მუსიკის ისტორიის შესახებ;
  • ზოგადად საშემსრულებლო, კერძოდ, საკლავიშო ხელოვნების (ფორტეპიანომდე და ფორტეპიანოს) განვითარების შესახებ ფართო ისტორიულ, ესთეტიკურ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ანალიტიკურ ჭრილში; ასევე ამ საკლავიშო მუსიკის უმნიშვნელოვანესი ნიმუშების შესახებ;
  • ბაროკოს ეპოქისა და კლასიკური მუსიკის (ფართო გაგებით) ფუნდამენტური მახასიათებლების, მნიშვნელოვანი სტილების, ჟანრებისა და ფორმების შესახებ საკლავიშო ხელოვნების ჭრილში;
  • ბაროკოს ეპოქის აუთენტური სანოტო ტექსტის გაშიფვრის შესახებ;
  • ბაროკოსა და კლასიკური (ფართო გაგებით) საკლავიშო ხელოვნებისთვის დამახასიათებელი საშემსრულებლო ხერხების შესახებ;
  • სოლო და ანსამბლში მუზიცირებისთვის საჭირო საბაზო პრინციპების შესახებ;
  • მუსიკალური ნაწარმოების ინტერპრეტაციისთვის აუცილებელი საბაზისო ანალიტიკური უნარ-ჩვევების შესახებ;
  • პროფესიული მუსიკის გააზრებულად მოსმენისა და შეფასების ძირითადი პრინციპების შესახებ;
  • საშემსრულებლო პროექტის (კონცერტის/საჯარო შესრულების) გამართულად დაგეგმვისა და პრეზენტაციის ძირითადი პრინციპების შესახებ; ასევე სცენასა და აუდიოვიდეო ჩაწერაზე აუცილებელი ქცევის წესების ბაზისების შესახებ.

ჯაზის ხელოვნების  მიმართულების კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს ფართო ცოდნა:

  • ჯაზის ჰარმონიის საფუძვლების შესახებ, ჯაზური სანოტო მასალის ფურცლიდან კითხვისა და ჯაზური სოლფეჯირების შესახებ;
  • ჯაზის ხელოვნების ისტორიის ძირითადი მიმდინარეობებისა და მნიშვნელოვანი წარმომადგენლების შესახებ;
  • ჯაზის სხვადასხვა მიმდინარეობის საშემსრულებლო პრინციპების, ტექნიკებისა და გამომსახველობითი ხერხების შესახებ (ვოკალური ან საკრავიერი);
  • ჯაზის შემსრულებლისათვის აუცილებელი რეპერტუარის (ჯაზსტანდარტების) შესახებ;
  • ჯაზური აკომპანიმენტის საფუძვლების შესახებ;
  • ჯაზური კომპოზიციების აგების, პრაქტიკული ჯაზური იმპროვიზაციის საკვანძო პრინციპების შესახებ;
  • სოლო და ანსამბლში მუზიცირების, გოსპელ-გუნდში სიმღერის, სასცენო მოძრაობის, combo-ანსამბლში დაკვრის, კოლექტიური შემსრულებლობის ბაზისების შესახებ;
  • საშემსრულებლო პროექტის (კონცერტის/საჯარო შესრულების) გამართულად დაგეგმვისა და პრეზენტაციის ძირითადი პრინციპების შესახებ; ასევე სცენასა და აუდიო-ვიდეო ჩაწერაზე აუცილებელი ქცევის წესების ბაზისების შესახებ.
  • პოპმუსიკის წარმოშობისა და განვითარების ისტორიის შესახებ; სფეროს მნიშვნელოვანი მიმდინარეობების, წარმომადგენლებისა და მუსიკალური ნიმუშების შესახებ;
  • პოპმუსიკის სხვადასხვა მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი საშემსრულებლო პრინციპების, ტექნიკებისა და გამომსახველობითი ხერხების შესახებ;
  • პოპმუსიკის შემსრულებლისთვის მნიშვნელოვანი რეპერტუარის შესახებ;
  • საესტრადო აკომპანიმენტის საფუძვლების შესახებ;
  • საშემსრულებლო პროექტის (კონცერტის/საჯარო შესრულების) გამართულად დაგეგმვისა და პრეზენტაციის ძირითადი პრინციპების შესახებ;
  • სოლო და ანსამბლში/გუნდში მუზიცირების, სასცენო მოძრაობის შესახებ;
  • საშემსრულებლო პროექტის (კონცერტის/საჯარო შესრულების) გამართულად დაგეგმვისა და პრეზენტაციის ძირითადი პრინციპების შესახებ; ასევე სცენასე და აუდიო-ვიდეო ჩაწერაზე აუცილებელი ქცევის წესების ბაზისების შესახებ.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს ვერბალურ და პრაქტიკულ კომპონენტს, ელექტრონული სწავლების ელემენტებს, დემონსტრირების მეთოდს, დისკუსიაში ჩართვას, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, შემთხვევის ანალიზს, ჯგუფურ და დამოუკიდებელ სამუშაოებს, ასევე შემოქმედებით/საშემსრულებლო პროექტს.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს შემდეგ დაწესებულებებში:

  • საკონცერტო ესტრადა
  • თეატრი და კინო
  • მასმედია, სარეკლამო ბიზნესი, გამომცემლობები
  • საშემსრულებლო ანსამბლები, ხალხური და საეკლესიო გუნდები
  • შემოქმედებითი სტუდიები
  • კერძო ბიზნესი
  • სამუსიკო სკოლები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (მეორე სპეციალობად განათლების მიმართულების პროგრამის არჩევის შემთხვევაში)

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა აირჩიოს სამუსიკო ხელოვნების პროგრამის რომელიმე ერთი მიმართულება და დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები