ჰუმანიტარული მეცნიერებები: საფრანგეთისმცოდნეობა
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი საფრანგეთისმცოდნეობაში
კოდი NAEC ცნობარში: 0100103
მიღების ტიპი: ერთიანი მიღება
პროგრამის შესახებ
საფრანგეთისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება ხორციელდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.
პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ფრანგულ ენებზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის უნარი. პროგრამის სტრუქტურა სტუდენტს საშუალებას აძლევს , შეიძინოს ფართო ცოდნა ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებების შესახებ და არჩეული მიმართულებით შედარებით ღრმა ცოდნა მიიღოს.
პროგრამის მიზანი
ჰუმანიტარული მეცნიერებების საფრანგეთისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
- შეასწავლოს სტუდენტს ფრანგული ენა და მისი აგებულება მაღალ დონეზე;
- მისცეს მას ფართო ცოდნა შესაბამისი ევროპული ქვეყნის კულტურის, ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ;
- გააცნოს შესაბამის ევროპულ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საფრანგეთში, მიმდინარე კულტურული პროცესები ლიტერატურათმცოდნეობისა და ენათმეცნიერების პერსპექტივიდან.
სწავლის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის ძირითადი მიმართულებებია ფრანგული ლინგვისტიკის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ლექსიკოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი, სტილისტიკა და სხვ; ასევე
ფრანგულენოვანი ლიტერატურა და საფრანგეთის ისტორია და კულტურა. პროგრამის სტუდენტი ინტენსიურად სწავლობს ფრანგულ ენას.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება:
საფრანგეთისმცოდნეობის მიმართულების შემთხვევაში პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება:
- ფართო თეორიული ცოდნა ფრანგული ენის მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ;
- ფართო ცოდნა ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ;
- ცოდნა ფრანგული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი და/ან რამდენიმე პერიოდის და მნიშვნელოვანი ფრანგი ავტორების შემოქმედების შესახებ;
- ცოდნა საფრანგეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებსა და კულტურულ ძეგლებზე.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
საფრანგეთისმცოდნეობის მიმართულების დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული შეძლებს:
- თეორიული ლინგვისტური კონცეფციებისა და ტერმინოლოგიის გამოყენებას;
- ლინგვისტური პროცესების აღწერას;
- ენათმეცნიერული ტერმინოლოგიის გამოყენებით ენობრივი წარმონაქმნების (ტექსტები და დისკურსები), ასევე პროცესებისა და ტენდენციების აღწერასა და გაანალიზებას;
- ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებებისა და ტერმინების გამოყენებას;
- ლიტერატურულ ტექსტებზე დაკვირვებას, აღწერას და ინტერპრეტაციას, ასევე მათ ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში განხილვას;
- მარტივი ლიტერატურული ნაწარმოების ქართულ ენაზე თარგმნას ლიტერატურული სტილის ნორმებისა და წესების დაცვით.
კურსდამთავრებულს ეცოდინება ფრანგული ენა B2 დონეზე და შეძლებს შესაბამის ენაზე
- კომუნიკაციას, ლექციის მოსმენა, გააზრებას და გამართულ პროფესიულ დისკუსიაში აქტიურად ჩართვას;
- მხატვრული ლიტერატურის, სამეცნიერო ნაშრომების და საგაზეთო თუ ინტერნეტგამოცემების ტექსტების კითხვა/გააზრებას;
- შესაბამისი სტილით სხვადასხვა ფუნქციური ტიპის გამართული ტექსტების შექმნას.
სწავლის მეთოდები
სწავლის მეთოდები მოიცავს ვერბალურ ნაწილს, პრაქტიკულ მეთოდს, ელექტრონული სწავლების ელემენტებს, დემონსტრირების მეთოდს, დისკუსია/დებატებში ჩართვას, გონებრივ იერიშსა და ჯგუფურ მუშაობას.
დასაქმების შესაძლებლობები
- საერთაშორისო-კულტურული ურთიერთობები – საელჩოს/საკონსულოს თანამშრომლად
- საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები
- სოციალურ-ჰუმანიტარული და ბიზნესის სფეროები – თარჯიმან-რეფერენტად
- საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო
- კულტურული ტურიზმი
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: ქართული და უცხოენოვანი გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები
- განათლების სფერო გალერეები, მუზეუმები, არქივები, ხელოვნების აუქციონები
- საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო
- რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები
- კულტურის სფეროს პროექტები
- მთარგმნელობითი სფერო
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
საფრანგეთისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული | 60 |
ძირითადი (major) პროგრამა | 120 |
მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები) | 60 |