ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „TECHGIRLS GEORGIA“ პირველი ეტაპი დასრულდა

ახალი ამბები

19 ოქტომბერს პროექტის „TechGirls Georgia“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის, რომელიც გერმანიის ქართული სათვისტომოსა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ფაბლაბ ილიაუნის თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება/საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (GIZ/CIM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, პირველი ეტაპი დასრულდა.

„პროექტი განხორციელდა გერმანიაში ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, GIZ-ის დაფინანსებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ილიაუნის სამრეწველო და ინოვაციების ლაბორატორიის, ფაბლაბის ბაზაზე. ამ პროექტის განმავლობაში 15-მა თბილისელმა და 10-მა ახმეტელმა გოგომ შეისწავლა პროგრამირების საწყისები, მიკროელექტრონიკის საფუძვლები კალიოპემინის გამოყენებით, იმუშავეს დრონებთან და შექმნეს ტექნოლოგიური კლუბები. მათ ასევე იმუშავეს ტექნოლოგიებში წარმატებულ მენტორ ქალებთან ტექნოლოგიების შესახებ მეტი ცოდნის მისაღებად. ამ ტიპის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ხელს უწყობს გოგოებში ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში თანამშრომლობა“, - ნანა დიხამინჯია, ილიაუნის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი.

„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრამისთვის, რადგან, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ გერმანიაში ქართული დიასპორის ჩართულობას საქართველოში ქვეყნის განვითარების პროცესში და, მეორე მხრივ, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების გაძლიერებას. გარდა ამისა, სამიზნე ჯგუფები გახლდნენ ახალგაზრდა ქალბატონები, მოსწავლე გოგოები, რომლებსაც გვინდა ამ პროექტით მოტივაცია გავუჩინოთ მომავალში სასწავლებლად აირჩიონ IT და ტექნიკური მეცნიერებები და ამით ჰქონდეთ სამუშაო ბაზარზე უკეთესი დასაქმების შესაძლებლობები“, - ირმა წერეთელი, (CIM/GIZ) პროგრამა: მიგრაცია და დიასპორა კოორდინატორი საქართველოში.

პროექტის მიზანი იყო ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, ამ სფეროში არსებული სტერეოტიპების დაძლევა და გოგოების ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში შეირჩა 25 მოსწავლე გოგო (VIII-XI კლასები), რომლებიც პროფესიის არჩევის ეტაპზე იმყოფებოდნენ. პროექტი, რომელიც გრძელდებოდა ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, მოიცავდა როგორც სასწავლო სესიებს, ისე მენტორინგის პროგრამას. მენტორინგის პროგრამის ფარგლებში გოგოები შეხვდნენ ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებულ ადამიანებს და გაეცნენ ციფრული ტექნოლოგიების სფეროს მრავალმხრივ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ივლისსა და აგვისტოში ჩატარებული ერთკვირიანი ბანაკების მონაწილეებმა შეისწავლეს მიკროელექტრონიკის კომპონენტები და პროგრამირების საფუძვლები Calliope mini-ის საშუალებით.
პროექტის შედეგად დაარსდა ტექგოგოების კლუბები თბილისსა და ახმეტაში, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა ტექნოლოგიების მიმართულებით და თანატოლებს პროექტით მიღებული ცოდნა გაუზიარონ.

„უპირველესად რაც მინდა გამოვყო: პროექტის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგებია: დავაარსეთ ტექგოგოების კლუბი, რომლის ფარგლებშიც გოგოები შეძლებენ იმ ტექნიკის გამოყენებას, რაც პროექტის განმავლობაში შეისწავლეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ბოლოს ჩავატარეთ გამოკითხვა და მონაწილე გოგოების 90%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესდა ამ სფეროთი და ტექნოლოგიების მიმართულებით აპირებს განაგრძოს სწავლა,“ - ნინო ჯანაშია, პროექტის „TechGirls Georgia“ მენეჯერი; გერმანიაში ქართული სათვისტომოს წევრი.

„ამ პროექტმა კიდევ უფრო გამიღვიძა ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და დამეხმარა მომავალი კარიერის არჩევაში. პროექტის დროს ბევრ საინტერესო ადამიანს გავეცანი და კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობებისთვის გამეღო კარი,“ - ლიკა ჩიტიშვილი, თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ პროექტში მონაწილეობა, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. ეს ყველაფერი დიდ შესაძლებლობას მომცემს, რომ სამომავლოდ ჩემი ცოდნა უფრო მეტ რამეში გამოვიყენო,“ - ნუცა მირცხულავა, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

2021 წელი

 

ბანერები