ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელს ქმნის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით იწყებს პროექტს „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“. 

პროექტს მართავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ის მიზნად ისახავს შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებას ევროკავშირის სექტორის რეფორმის შესრულების ხელშეკრულების შესაბამისად (SRPC). პროექტის მთლიანი ღირებულებაა 820,000.00 ევრო, ევროკავშირის შენატანი კი - 656,020.00 ევროა.
პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროექტი, რომელიც EU4G-სა და Skills4Jobs-ის ფარგლებში ხორციელდება, საქართველოსთვის და მისი მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც პროექტის მენეჯერი ნანა დიხამინჯია ამბობს, დღესდღეობით ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების გაძლიერება მთავარი მამოძრავებელი ძალაა ქვეყნის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ტექნოლოგიური განათლების განვითარება ნელი ტემპით მიდის ქვეყანაში და ის ფეხს ვერ უწყობს თანამედროვე ტენდენციებს, ამიტომაც არაფორმალური კლუბების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებისთვის, რათა შეიძინონ სამუშაო ბაზრისთვის აუცილებელი უნარები და ცოდნა. 
კლუბების ქსელი, რომელიც ჩამოყალიბდება პროექტის ფარგლებში, შექმნის საფუძველს დანარჩენი სკოლებისთვის, რათა მათ გაუზიარონ ერთმანეთს მიდგომები და თვალთახედვა.

 

ბანერები