ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და NTI Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალი ამბები

15 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უმსხვილესი ესპანური პროექტისა და მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია NTI Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი ჯაფარიძემ და NTI Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნოგალეს ტრიგეროს ივანმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში NTI Georgia მონაწილეობას მიიღებს არქიტექტურის, მშენებლობისა და სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში. თანამშრომლობის მიზანია როგორც პროგრამების განვითარება, ასევე სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

„დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტსა და ესპანურ კომპანია NTI Georgia-ს შორის. კომპანია, უპირობო ლიდერი სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის სფეროში, ფართო მომსახურებას უწევს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებს. მემორანდუმი და ეს ურთიერთობა ითვალისწინებს კომპანიის გამოცდილების გაზიარებას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებთან, საკვალიფიკაციო ნაშრომებთან, პრაქტიკულ პროექტებთან მიმართებით. ჩვენ საშუალება გვექნება, ინდუსტრიის გამოცდილება, ბოლო ტენდენციები ავსახოთ უპირველესად ჩვენს სასწავლო კურიკულუმებში, მათ საკითხთა ნუსხაში, შინაარსში, ასევე ტექნოლოგიის სკოლის კვლევით საქმიანობაში. თვითონ უნივერსიტეტი, ჩვენი კურსდამთავრებულები ხელს შეუწყობენ კომპანიის წარმატებას, მის საქმიანობას უშუალოდ დასაქმების ბაზარზე ჩართვის თვალსაზრისით“, – განაცხადა დიმიტრი ჯაფარიძემ, ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა.

„ჩვენი სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტორის პროგრამებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დამსაქმებლების, განსაკუთრებით კი ჩვენი ევროპელი კოლეგების ჩართულობა, რადგან, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა საინჟინრო სკოლის ნაწილია, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ამაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. სასურველია, სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე ევროპული საინჟინრო განათლება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში კერძო სექტორის, დამსაქმებლების, განსაკუთრებით იმ კომპანიების მონაწილეობა, რომელთაც ევროპულ ბაზარზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ“, – განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ, ილიაუნის პროფესორმა საინჟინრო მიმართულებით.

NTI Georgia მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროგრამულ თუ ექსტრაკურიკულარულ აქტივობაში, კომპანიის ორგანიზებულ თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევს უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.

NTI P&C აერთიანებს მაღალკვალიფიციურ კადრებს: სამოქალაქო და სამრეწველო, საზოგადოებრივი სამუშაოების ინჟინრებს, გარემოს დაცვის ექსპერტებს, განახლებადი ენერგიის მიმართულების სპეციალისტებს და სხვ.
კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს მსხვილ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა დასავლეთ ევროპაში, ლათინურ და ჩრდილოეთ ამერიკაში.

"Our company NTI based in Barcelona, Spain, the main fields we are covering are: projects in construction management, mainly civil construction and industrial construction. What we are expecting from this memorandum is mutual profit, we are trying to be the reference of the Spanish companies here in Georgia. “, – განაცხადა ნოგალეს ტრიგეროს ივანმა, NTI Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. / ჩვენი კომპანია NTI, რომელიც ბარსელონაშია დაფუძნებული, მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: პროექტები მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით, განსაკუთრებით სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობა. მემორანდუმის ფარგლებში ველით ორმხრივ სარგებელს. ვცდილობთ, საქართველოში დავამკვიდროთ ესპანური სტანდარტი.

„ჩვენი მთავარი მიზანია სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო განათლება, გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიწყო მშენებლობები, ვითარდება ინფრასტრუქტურა, ევროპას ვერ შევედრებით თუნდაც მასშტაბებით. შესაბამისად, გვჭირდება ახალი თაობა, რომ ეს ყველაფერი ისწავლოს, გაეცნოს ამ გამოცდილებას და ისევ და ისევ ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენოს“.

2021 წელი

 

 

ბანერები