ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პრეზენტაცია გამართა

ახალი ამბები

18 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის კამპუსში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნანა დიხამინჯიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერმა ნიკა (ნინო) ყოჩიაშვილმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ. 

„პროექტი ხორციელდება ევროკავშირის გრანტის „უნარები დასაქმებისთვის" ფარგლებში. მისი მიზანია საქართველოში შეიქმნას ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი, რომელშიც სამი წლის განმავლობაში ჩაერთვება 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი. ასეთი კლუბები ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური ტექნოლოგიური განათლების საფუძვლის შესაქმნელად, გამოუმუშავებს ახალგაზრდებს უნარებს, რომლებიც მომავალში დასაქმებისთვის წაადგებათ. პროექტში ჩართულები იქნებიან 15-დან 25-წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც შეისწავლიან დაპროგრამებას პითონზე, მონაცემთა ბაზების ვიზუალიზაციასა და ანალიზს, ტექნოლოგიურ მეწარმეობას, სამომხმარებლო ინტერფეისსა და დიზაინს და მსგავს ტექნოლოგიურ პროგრამებს. გარდა ამისა, შეიქმნება დიდი ვებპლატფორმა, რომელზეც ამ კურსების მასალები იქნება განთავსებული. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მენტორებთან დაკავშირებაც. ამ რესურსებით სარგებლობას სხვა სკოლებიც შეძლებენ", – აცხადებს ნანა დიხამინჯია, ილიაუნის ვიცე-რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით. 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია განვახორციელეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის მომავლის და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში 100 სასწავლო დაწესებულებას მოვიცავთ – შევთავაზებთ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს ამ პროექტის დაფინანსებისთვის და, რაც მთავარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის ინიციატივითა და ავტორობით ხორციელდება ეს პროექტი. ფინანსურადაც ჩვენ დავუჭერთ მხარს. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იქნება ჩვენი ყველა რეგიონული ტექნოპარკი ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში “, – ამბობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე.

პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა და ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მენეჯერმა ნანა დიხამინჯიამ პარტნიორი ორგანიზაციების საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად. 

„ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალური თანამშრომლობისა, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესის, ისე აკადემიის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების ჩართვას ამ პროექტში. მოსწავლეები და ახალგაზრდები სამი წლის განმავლობაში შეისწავლიან ისეთ ტექნოლოგიურ სფეროებს, რომლებშიც შემდგომში შეძლებენ გაიარონ სტაჟირება ICT კლასტერის წევრ კომპანიებში და გახდნენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალები,“ – ამბობს მარიამ სუმბაძე, საქართველოს ICT კლასტერის დირექტორი. 

„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო პერიოდის ქვეყნის განვითარებაში გამოიკვეთა პრობლემები, არ არსებობს საკმარისი IT კომპეტენცია, რომ უპასუხოს როგორც ქართული ბაზრის, ისე რეგიონული და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს.  ეს უნარები ყალიბდება საკმაოდ ადრეულ ასაკში, სკოლიდან ვიწყებთ, და ამ მხრივ მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული კომპონენტიც, რადგან რეგიონები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობებს“, – აღნიშნავს მერაბ ლაბაძე, ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონების 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


ბანერები